ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ, გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ონიდან 5 კმ-ით.
პროექტი შვიდ მონაკვეთადაა დაყოფილი. გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში, მდინარე ხეურას ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1 000-1 500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინტენსიური სამუშაოები ხუთ ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს, კერძოდ, მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა ხორციელდება. ზემო იმერეთი-რაჭის გზის პირველი ლოტის 3.5 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დარსულებულია. დარჩენილ მეშვიდე ლოტზე სამუშაოების დაწყება და დასრულება დაგეგმილია 2021 წლისთვის.
„ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე – 111 კმ) დაახლოებით ორი საათია, ხოლო ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე ერთი საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და ექვსი საათის ნაცვლად, მგზავრობის დრო 4,5 საათი იქნება. ახალი დამაკავშირებელი გზა (აღმოსავლეთ ალტერნატივა) გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 105 000 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის არის დაგეგმილი.