ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო, გერმანიამ შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს
ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო, გერმანიამ რუსეთს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გერმანულ გაზეთ „შპიგელზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო გაამტყუნებს.
რუსული მედიის ცნობით, „შპიგელი“ წერს, რომ გერმანიის სამთავრობო წრეებში რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ზომების დაწესებას ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად ემხრობიან.
განაჩენის გამოცხადება მომავალი წლის მარტშია დაგეგმილი. ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ 2019 წლის 24 აგვისტოს გახდა ცნობილი. მეორე დღეს, მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით 49 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ბერლინის პროკურატურამ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ სოკოლოვს ბრალად დასდო საქართველოს მოქალაქის მკვლელობა და ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა.
2019 წლის 4 დეკემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი და რუსეთის სპეცსამსახურების ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.