ზეღდულეთის მოსახლეობა მიწის გასხვისებას აპროტესტებს და საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივებმა მესაკუთრეს მიწის დამუშავების საშუალება არ მისცეს. მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
ადგილზე იმყოფებოდნენ მიწის მესაკუთრეები და მერიის წარმომადგენელი. მიწის მესაკუთრეს დღეს არ უთქვამს, რამდენი ჰექტარი მიწის ფართობის დაბრუნება შესთავაზეს მოსახლეობას. ინვესტორები ხელისუფლებას სთხოვენ, უზრუნველყოს მათთვის მიწის დამუშავების კანონიერი უფლება.
ზეღდულეთის მოსახლეობა მიწის გასხვისებას აპროტესტებს და საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, მიწები 2008 წელს გასხვისდა. საუბარია 75 ჰექტარზე, რომელსაც ორი მესაკუთრე ჰყავს. სადავო მიწის ფართობზე მოსახლეობას, ინვესტორებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის არაერთი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა და არც ერთ შეთავაზებას, მათ შორის სოფლისთვის 25 ჰექტარი მიწის დაბრუნებას, მოსახლეობა არ დათანხმდა. ადგილობრივების განცხადებით, პროტესტს გააგრძელებენ.