ზედაზნის სამონასტრო კომპლექსში ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ზედაზნის სამონასტრო კომპლექსში არსებული ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პირველ ეტაპზე ინტერიერში ქვიშის ჭავლის მეთოდის გამოყენებით, მოიხსნა გაჯის ნალესობა და ზედაპირი დამუშავდა კირხსნარით. აღდგა ქვის გამოქარული წყობები, გადაწყობილია ლავგარდანები, მის ქვეშ არსებული სიცარიელები კი, სათანადო წესით შეივსო. ლავგარდანის შიდა მხრიდან ჩამონტაჟდა ბოჭკოვანი არმატურა და ჩაანკერდა ყველა ქვა.
სრულადაა აღდგენილი ცენტრალური ნავის ლავგარდანი, ავთენტური დეტალების ნაწილი კი გადაწყობილია.
პროექტით გათვალისწინებული სახურავის 30%-ის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ ხის მასალის უმეტესობა ამორტიზებულია, რამაც გამოავლინა სახურავის კონსტრუქციის მთლიანად შეცვლის აუცილებლობა. ამჟამად სახურავის ძველი ხის კონსტრუქციების დემონტაჟი და ახლით შეცვლა, თუნუქის ნაცვლად კი, სპილენძის ფურცლებით გადახურვა მიმდინარეობს.
ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოებმა ბევრი ახალი სარეკონსტრუქციო სამუშაოს საჭიროება გამოავლინა.
რესტავრაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.