ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - მოვუწოდებ ყველას, დაიცვან ქართული ენა და „რეკლამის შესახებ“ კანონი
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - მოვუწოდებ ყველას, დაიცვან ქართული ენა და „რეკლამის შესახებ“ კანონი

უცხოენოვან წარწერებთან დაკავშირებით ყურადღებას ვამკაცრებთ და ვაპირებთ ცვლილებებს სანქციასთან მიმართებაში, – ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა, რომელიც თბილისის მერთან ერთად ახვლედიანის ქუჩაზე უცხოური წარწერების მქონე ობიექტები დაათვალიერა.

გიორგი ბაგრატიონის თქმით, რეკლამის შესახებ კანონის დარღვევის გამო, ყველა ქუჩაზე არიან დაჯარიმებულები.

„ყველა ქუჩაზე არიან დაჯარიმებულები, რომლებიც „რეკლამის შესახებ“ კანონს არღვევენ. ჩვენ ვამკაცრებთ ამ მიმართულებით ყურადღებას, ვაპირებთ ცვლილებებს სანქციათა მიმართებაში. მინდა ყველას მივმართო, დაიცვან ის, რაც არის კანონით განსაზღვრული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ის ობიექტი, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური თუ იურიდიული პირი,  დაჯარიმდება კანონის ფარგლებში. ყოველდღიურად ვახორციელებთ ზედამხედველობას. ჩვენი რაიონის თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით დადიან და აკონტროლებენ ყველა მიმართულებით, რაზეც ზედამხედველობის სამსახურს აქვს ვალდებულება, ეს იქნება მშენებლობა თუ სხვა მიმართულება. დარღვევას გააჩნია, კანონში არის სხვადასხვა საჯარიმო თანხები გათვალისწინებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ გავზარდოთ და გავამკაცროთ საჯარიმო სანქციები. კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოვუწოდო, დაიცვან ქართული ენა და ის კანონი, რომელიც აუცილებელია, რომ ყველამ  უნდა დაიცვას“, – განაცხადა ბაგრატიონმა.

მისი თქმით, მას გაუჭირდება კონკრეტული ციფრის დასახელება თუ რამდენი ობიექტია დაჯარიმებული, თუმცა არსებულ სტატისტიკაზე მოუთითა.

„კონკრეტული ციფრი, თუ რამდენია დაჯარიმებული, ვერ გეტყვით, მაგრამ არსებობს ამის სტატისტიკაც. დაჯარიმებული გვყავს ჩვენ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც არღვევენ რეკლამის შესახებ კანონს“, – განაცხადა ბაგრატიონმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ახვლედიანის ქუჩაზე აღნიშნა, რომ დედაქალაქში ფასადებზე ქართული ენის გამოყენებას თბილისის მერია ყურადღებას მიაქცევს.