ზბიგნევ რაუ - პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ
პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ ქართველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს.
„პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი 2008 წელს ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოსთვის მაპის მინიჭებას, ხოლო როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, იგი სათავეში ჩაუდგა რეგიონის ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რათა ეს აგრესია შეეჩერებინა. სწორედ რუსეთის იმპერიალიზმის შესაჩერებლად, იმისთვის, რომ ყველა ევროპელს ჰქონოდა თანაბარი განვითარების შანსი, ევროკავშირმა, პოლონეთის ინიციატივით, აამოქმედა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა, რომელმაც, მათ შორის, საქართველოც მოიცვა. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა რაუმ.