ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასება ნარკოპოლიტიკაზე არის ჩვენი გადაწყვეტილებები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლო წლებში ნარკოტიკებთან დაკავშირებით არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს სამომავლო გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება სასამართლოში შესულ სარჩელებზე ან წარდგინებებზე.
„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სარჩელის ან წარდგინების საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული ბოლო წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოტიკების ნაწილში. ბოლო გადაწყვეტილება იყო, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ იქნა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარებისთვის ანუ მოხდა ამის დეკრიმინალიზაცია. როგორი იქნება მომავალში ამასთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ეს დამოკიდებული იქნება იმ სარჩელებზე და წარდგინებებზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულია ან მომავალში შემოვა“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასება ნარკოპოლიტიკის საკითხზე არის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
„შესაბამისად უნდა დაველოდოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
ზაზა თავაძემ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება სავალდებულოა ყველა ორგანოს მიერ.
„მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გახლავთ ნეგატიური კანონმდებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ პოზიტიური კანონმდებლის მიერ მიღებული ესა თუ ის საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, მიღებული პრეზიდენტის ან მინისტრის მიერ, შეიძლება შეფასებულ იქნას სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება, ამის შემდეგ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ ანუ მიმღები ორგანოების მიერ. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის სავალდებულო შესასრულებელი ყველა ორგანოსათვის და პერმანენტულად ხდება ამის შესრულება“, – აღნიშნა ზაზა თავაძემ.