ზაზა შათირიშვილი - გიორგი ვაშაძე მზადაა, უფროსების ნებისმიერი დავალება უყოყმანოდ შეასრულოს, როგორი დამაზიანებელიც არ უნდა იყოს ეს დავალება ქვეყნის ინტერესებისთვის
ზაზა შათირიშვილი - გიორგი ვაშაძე მზადაა, უფროსების ნებისმიერი დავალება უყოყმანოდ შეასრულოს, როგორი დამაზიანებელიც არ უნდა იყოს ეს დავალება ქვეყნის ინტერესებისთვის

ცოტა ხნის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიაში გიორგი ვაშაძის დაბრუნების შესახებ გვამცნო, აშკარაა, რომ, ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში, „ნაციონალები“ და მათი პატრონები ულიდერობაზე ნერვიულობდნენ და ვაშაძის წინა პლანზე წამოწევა ამ ნერვიულობის ლოგიკური გამოძახილია, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შათირიშვილის თქმით, „აშკარაა, რომ ახალი როლისთვის ამერიკელები ვაშაძეს უკვე დიდი ხანია, ამზადებენ“.

„გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში რამდენჯერმე წაიყვანეს ამერიკაში; ერთხელ იქიდან ათქმევინეს, შეხვედრებიდან გამოსული გეუბნებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდებაო. სათავეში ჩაუყენეს ძალადობრივ ქმედებებს 7-8 მარტის აქციების დროს და ა.შ. ვაშაძის თვისებებს თუ დავაკვირდებით, ამერიკულ ხელწერას იოლად ამოვიკითხავთ. თავისი თვისებებით, ვაშაძე ძალიან ჰგავს ამერიკელების მთავარ აგენტს, მიხეილ სააკაშვილს – ხაბეიშვილისგან განსხვავებით, თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, სააკაშვილივით ექსცენტრულია და, რაც მთავარია, სააკაშვილივით, მასაც შუბლის ძარღვის ნატამალი არა აქვს. შესაბამისად, როგორც უცხოელი აგენტი და უსამშობლო კაცი, ვაშაძე მზადაა, უფროსების ნებისმიერი დავალება უყოყმანოდ შეასრულოს, როგორი დამაზიანებელიც არ უნდა იყოს ეს დავალება ქვეყნის ინტერესებისთვის“, – აცხადებს შათირიშვილი.

მისივე თქმით, „ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სულ ექვს პარტიას მოიცავს, საიდანაც ორი უკვე გაერთიანდა“.

„როგორ გავლენ საპარლამენტო არჩევნებზე „ლელო“, გახარია, ჯაფარიძის „გირჩი“ და „ევროპული საქართველო“, ჯერ უცნობია. იმის გათვალისწინებით, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის რესურსი არცერთ ამ პარტიას არა აქვს, პატრონები მათ დაჯგუფებას აუცილებლად შეეცდებიან. პარტიების გაერთიანების შესახებ ლოგიკურ მსჯელობას დიდად აზრი არა აქვს, რადგან ეს ყველაფერი ერთადერთ ლოგიკას – პატრონის დავალებას ექვემდებარება. მაგალითად, პატრონი თუ დაავალებს, ხაზარაძე და გახარიაც კი უყოყმანოდ გაერთიანდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სულ ცოტა ხნის წინ ერთმანეთს „თაღლითად“ და „თვალთხარიად“ მოიხსენიებდნენ. ყველაზე კარგი კი ის იქნება, თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთიანი სიით გავა საპარლამენტო არჩევნებზე. ასე ამომრჩეველს დასკვნების გამოტანა და უცხოური აგენტურისთვის კუთვნილი ადგილის მიჩენა კიდევ უფრო გაუადვილდება“, – აცხადებს შათირიშვილი.