ზაზა შათირიშვილი - დოიაშვილები, სუხიშვილები, ჭოლები, ქათამაძეები, ფეტვიაშვილები დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნების“ დროს გარანტირებული აქვთ თავისუფალი სცენა, სიტყვა, ფუნჯი და კალამი
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განცხადებებს ეხმაურება და მიმართვას ავრცელებს.
როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, „მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ დღის წესრიგში დააბრუნა კანონი „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“, ამჯერად ბევრად უფრო დახვეწილი, გამართული და არგუმენტებით ბოლომდე გამყარებული ფორმით, პროექტის ინიცირებიდან დღემდე განვლილმა დრომ და მმართველი გუნდის მხრიდან ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის წესების დაცვამ კონკრეტულ ადამიანებს, იძულებითი თვითლუსტრაციის გარდა, სხვა შანსი არ დაუტოვა“.
„ამჯერად არცერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტსა თუ პარტიულ რადიკალზე არ ვსაუბრობ, რამეთუ მათი სახე და ბუნება ქართველი ხალხისთვის ისედაც ზედაპირზე დევს. არავის ჰქონდა მოლოდინი და ილუზია, რომ სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, ჯაფარიძე და მათი მსგავსი მარიონეტული აგენტურა ხელისუფლებას მოუწონებდა საქმეს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას, უსაფრთხოების გამტკიცებას და ღირსების გამყარებას ემსახურება. უფრო მეტიც, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ეს ხალხი, გარედან დავალებული ინსტრუქციის შესაბამისად, გავეშებულ ბრძოლას გამოუცხადებდა ეროვნულ ინიციატივას. თუმცა, როგორც ასევე მოსალოდნელი იყო, ეს უსამშობლო პოლიტიკოსები საკუთარი, ფორმალური სამშობლოს წინააღმდეგ თავზეხელაღებულ ბრძოლაში მარტო არ დატოვეს ეგრეთწოდებულმა ხელოვანებმა და კონკრეტულ მიზანზე გათვლილი ყალბი, გულისამრევი სოლიდარობის ნიშნად – ზოგი სცენიდან, ზოგი ტრიბუნიდან, ზოგი ქუჩიდან – გაიძახიან სადღაც, ოკეანის გაღმა მოფიქრებულ და უკვე ყავლგასულ, გაცრეცილ და ხალხისთვის გამაღიზიანებელ ფრაზას: „არა რუსულ კანონს“, – აღნიშნავს შათირიშვილი.
მისივე თქმით, „ამ ადამიანების, რამდენიმე ათეული ხელოვანის, რეჟისორისა თუ მსახიობის თავზეხელაღებული, გულისამრევი, მაგრამ ამავე დროს სრულიად მოსალოდნელი პოზიცია სხვა არაფერია, თუ არა ერთდროულად ორ სკამზე ჯდომის მცდელობა, ორმაგი სტანდარტი და ორსახოვანი ბუნების ლოგიკური თვითლუსტრაცია“.
„კრებსითმა დოიაშვილებმა, ჭოლებმა, სუხიშვილებმა, ფეტვიაშვილებმა და ქათამაძეებმა ზუსტად იციან მოქმედი ხელისუფლების დემოკრატიული ბუნება და ხასიათი. მათ ზუსტად იციან, რომ თუნდაც სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლაში, რადიკალი პოლიტიკოსების გამოცხადებული სოლიდარობის გამო, არათუ ვინმე დასჯის, ჩარეცხავს, სამსახურებიდან გაყრის და რეპრესიებს მოუწყობს, არამედ მინიმალურ, სიტყვიერ კრიტიკასაც კი არ მიიღებენ პასუხად ხელისუფლებისგან. სწორედ ამ მოცემულობით სარგებლობენ კრებსითი დოიაშვილები, ჭოლები, სუხიშვილები, ფეტვიაშვილები და ქათამაძეები, რამეთუ დარწმუნებული არიან, რომ სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, გარანტირებული აქვთ თავისუფალი სცენა, სიტყვა, ფუნჯი და კალამი. გრძნობენ, რომ ყველაზე არასწორი და ქვეყნისთვის საზიანო პოზიციის გამოც კი მათ არავინ პრობლემას არ შეუქმნის. ამიტომ ფიქრობენ: რატომაც არ უნდა ვიმრუშო? რატომაც არ უნდა დავიზღვიო თავი და ველაქუცო ოპოზიციას? ახლა ხომ კარგად არიან და მომავალშიც რომ კარგად იყვნენ, თავს იზღვევენ ფსევდოელიტის „თვალსაჩინო“ წევრები. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქსიომა – ამ ხალხმა და მათმა ფსიქიკამ ვერაფრით დაძლია მონობის კომპლექსი. გამუდმებით პატრონის ძიებაში არიან და ამ ძიებამ ისევ მოძალადე, მჩაგვრელ და აგრესიულ ოპოზიციასთან მიიყვანა, რამეთუ მათთვის სრული თავისუფლების მიმცემი „ქართული ოცნება“ პატრონად ვერ და არ გამოდგება. მე კი მათ საქციელს მარტივად ვუწოდებ ღალატს. ღალატს საკუთარი ქვეყნის ინტერესების და მომავლის. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ რამეს ან მიხვდებიან, ან დაფიქრდებიან მაინც, მაგრამ აუცილებლად ვეტყვი მათ: თქვენ გქონდათ ისტორიული შანსი, საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე სამშობლოს გვერდით დამდგარიყავით და ერთი პატარა აგური დაგედოთ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ახლაც ისტორიის არასწორ მხარეს დადექით და ერთდროულად ორ სკამზე ჯდომა არჩიეთ“, – აღნიშნავს ზაზა შათირიშვილი.