ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, ევროპარლამენტი კონკრეტულმა ძალებმა დააკნინეს მიზანმიმართულად, კორუფციის, ლობიზმისა და ბინძური ინტერესების გამტარ ბუდედ აქციეს. მისივე შეფასებით, არჩევნების პროცესი ევროპელი ამომრჩევლისა და ზოგადპოლიტიკური განწყობების გასაგებად საუკეთესო მოვლენაა.
„დასრულდა ევროპარლამენტის არჩევნები და დაფიქსირებული შედეგები გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. თავისთავად, ეს ინსტიტუცია არანაირი პოლიტიკური წონის და მნიშვნელობის მქონე არ არის, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში დაკნინდა, უფრო სწორად კონკრეტულმა ძალებმა დააკნინეს მიზანმიმართულად, კორუფციის, ლობიზმისა და ბინძური ინტერესების გამტარ ბუდედ აქციეს, მაგრამ არჩევნების პროცესი ევროპელი ამომრჩევლისა და ზოგადპოლიტიკური განწყობების გასაგებად საუკეთესო მოვლენაა.
დამდგარი შედეგებიდან გამომდინარე, მეტად ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი. დიდ სურათში ტენდენცია საკმაოდ დამაიმედებელია და ჩანს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე ევროპელმა საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად გადაიაზრა მის წინაშე არსებული კატასტროფული პრობლემები, რაც უკვე კონკრეტულ ადამიანებს შეეხო. ფაქტია, რომ ევროპულმა საზოგადოებამ მათ ქვეყანასა და ევროკავშირში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე, ეკონომიკის სტაგნაციაზე, მიგრანტების კრიზისზე, გარედან მართულ პროცესებზე, გაჩაღებულ ომზე და მუდმივ რეგრესზე პასუხისმგებელი პოლიტიკური პირებისა თუ ჯგუფების ძებნა/დასჯის ბუნებრივი ინსტინქტი აამუშავა.
ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ აზრადაც კი ვერავინ გაივლებდა, რომ ხელისუფლებას მტკიცედ ჩაჭიდებული ფსევდოლიბერალური ძალები რყევას დაიწყებდნენ, ულტრამემარჯვენე პრაგმატიკოსებმა გაიმარჯვეს. საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთში, ბელგიასა და ავსტრიაში, ანუ ქვეყნებში, რომელთა პოლიტიკასა და ეკონომიკაზე დგას ევროკავშირი, ეგრეთ წოდებულმა ლიბერალურმა მმართველმა პარტიებმა სრული კრახი განიცადეს. უფრო მეტიც, მაკრონმა რიგგარეშე არჩევნები ჩანიშნა, ხოლო ბელგიის პრემიერმა ლეგიტიმაცია დაკარგა და გაადგა. ვინც ევროპულ პოლიტიკას კარგად იცნობს, დამეთანხმება, რომ მსგავს ტექტონიკურ პოლიტიკურ ძვრებსა და ცვლილებებს ბებერ კონტინენტზე ძალიან იშვიათად შევხვდებით. თითქოს ექსცენტრული, მეამბოხე მაგრამ ამავე დროს უზომო კომფორტს მიჩვეული ევროპელი ამომრჩევლის ბუნება ასეთია – მაქსიმალურად მოერიდება ფუნდამენტურ ცვლილებებს იქამდე, სანამ არ შეხედავს, რომ მის თვალწინ ყველა წითელი ხაზი გადაიკვეთა. ასეც მოხდა – ოდესღაც ყველასათვის სანატრელი და შესაშური ევროპისგან აღარაფერია დარჩენილი. ამერიკისგან მართულმა ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ნომრიანმა აგენტურამ იმდენად ზედმიწევნითი სიზუსტით შეასრულა ყველა დავალება, რომელიც ევროპის დასუსტებას და სუვერენიტეტის გაჩანაგებას გულისხმობდა, რომ დავალების შესრულების პროცესში თავადაც გაიფუჭეს საკუთარი თავი. წარმოიდგინეთ, ადენაუერის გერმანიას და შარლ დე გოლის საფრანგეთს დღეს შოლცი და მაკრონი მართავენ, რომელთა ასპარეზი ქვემსუბუქ პოლიტიკურ წონაშიც კი ვეღარ მოიძებნება.
ყველაზე საგულისხმო კი მაინც ვიოლა ფონ კრამონის უნებლიე აღიარება გახლდათ – ქართველებისთვის კარგად ცნობილმა ოდიოზურმა პოლიტიკოსმა პირდაპირ თქვა, კამპანიის დროს ხალხი მეუბნებოდა, რომ პრობლემა არა პუტინში, არამედ ამერიკაში და ჩვენს სპეცსამსახურებშიაო. იქვე დაიწუწუნა, როგორც ჩანს, რაღაც ძალიან არასწორად გავაკეთეთო. მართალია, ვიოლა არასწორ მოქმედებებში საარჩევნო კამპანიის არასწორ დაგეგმვას ან არასწორ პროპაგანდას გულისხმობდა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ბევრი რამ ძალიან არასწორად გააკეთეს და შესაბამისი პასუხიც მიიღეს ევროპული საზოგადოებისგან. „შესაძლოა, ადამიანთა მცირე ჯგუფი მოატყუო დიდი ხნით ან ბევრი ადამიანი მოატყუო მცირე ხნით, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ“ – აბრაამ ლინკოლნის ეს შეგონება ყველაზე მეტად შეესაბამება დღევანდელ ევროპას. ფსევდოლიბერალური პროპაგანდის უსაზღვრო შესაძლებლობებმა მართლაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქრისტიანულ საწყისებზე აღმოცენებულ ევროგაერთიანებას. ახლო აღმოსავლეთში წარმოებული ომები და ამ ომების შედეგად მიგრანტებისგან გადავსებული ევროკავშირი, იდენტობის გაქრობის რისკის ქვეშ მდგარი ქვეყნები, ეკონომიკური კრიზისი, თავს მოხვეული ლგბტ პროპაგანდა, რუსეთ-უკრაინის ომი და ამ ომში თითოეული ევროპელისთვის მიყენებული ფინანსური ზიანი – ამ ყველაფერმა ერთობლიობაში ხალხის გამოღვიძების პროცესი დაიწყო.
გუშინ თვალს ვადევნებდი ქართველი უსამშობლოების შემართებადაკარგულ განცხადებებს, მართალია, მემარჯვენე კონსერვატორული ძალების გაძლიერება შეინიშნება, მაგრამ ევროპარლამენტში უმრავლესობას კვლავ „ევროპის სახალხო პარტია“ შეინარჩუნებსო, თავს იმშვიდებდნენ. როგორც აღვნიშნე, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, კორუფციის ჭაობში ჩაძირულ ევროპულ პარლამენტში ვის ექნება უპირატესობა, აქ მთავარი პოლიტიკური ტენდენცია და ამომრჩევლის განწყობების გაზომვაა. განწყობა კი ერთ რამეზე მეტყველებს – ევროპელ ხალხს ყელში ამოუვიდა ამერიკიდან მართული პოლიტიკური ლიდერშიპი, რომელიც არაფერს, გარდა მათი ქვეყნებისთვის ზიანის მოტანისა, არ აკეთებს, 20-წლიანი კრიზისი და სტაგნაცია, მუხლებზე მდგარი მათი ქვეყანა და ევროკავშირი, გაძვირებული ფასები, ვერგაზრდილი ხელფასები და საკუთარ სამშობლოში უმცირესობაში ყოფნა. სწორედ ამიტომ მოხდა ბევრი რამის გადააზრება და ცვლილებების პროცესის დაწყება.
სრული პასუხისმგებლობით მინდა, ვთქვა, რომ შემობრუნების ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მთელი მსოფლიო გვიყურებს, როგორ ვინარჩუნებთ პრინციპულ პოზიციას, როგორ არ გავხვიეთ ჩვენი ქვეყანა, დავალებისა და ზეწოლის მიუხედავად, ომის ქარცეცხლში, როგორ არ ვეპუებით ფსევდოავტორიტეტების დავალებებსა თუ მუქარებს, როგორ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი სუვერენიტეტი. სამაგალითოა სლოვაკეთისა და უნგრეთის ხელისუფლებების ასევე პრინციპული პოზიცია. ზეწოლის, შანტაჟის, მუქარის და, ბოლოს და ბოლოს, ტყვიის გასროლის მიუხედავად, ეს ქვეყნებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ პირველ ადგილზე საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესები დააყენონ, საბოლოო ჯამში კი, ამ ურთულეს და უთანასწორო ბრძოლაში გამოჩნდა, რომ ჩვენ მიერ ბევრჯერ და ხმამაღლა ნათქვამ სიმართლეს მილიონობით ადამიანი უსმენს. ღრმად მწამს, რომ ცვლილებების და შემობრუნების ამ პროცესს შეუქცევადი ხასიათი ექნება და ევროპა საბოლოოდ დააღწევს თავს აგენტოკრატიას, ევროპულ ქვეყნებში ხალხი მათი ქვეყნების ინტერესების გამტარ პოლიტიკურ ძალებს აირჩევს და ევროგაერთიანებაც შეძლებს, დაიბრუნოს ძველი ღირსება. სწორედ ასეთ ევროკავშირშია საქართველოს ადგილი და მწამს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.