ზაზა სარალიძე - თუ უნდა, გიორგი გახარიას შევხვდები, მაგრამ აზრს ვერ ვხედავ
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე მზადაა, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდეს.
ზაზა სარალიძეს პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ნაწილთან შეხვდრის შემდეგ ჟურნალისტებმა კითხეს, ხომ არ გეგმავს გიორგი გახარიასთან შეხვედრას და ხომ არ ყოფილა დღეს მისთვის ამ შეხვედრის შეთავაზება თუნდაც პარლამენტის შენობაში, რადგან საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრიც.
ზაზა სარალიძის თქმით, მას მსგავსი სახის შემოთავაზება და ინფორმაცია არ ჰქონია.
„თუ უნდა, შევხვდები, მაგრამ აზრს ვერ ვხედავ, იქიდან გამომდინარე, რომ გახარიას უწყებაც ფაქტიურად, შეეცადა ამ საქმის ხელახლა შეკერვას და ფაქტია, რომ გახარიას უწყებამ დღეს იმხელა დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა სარალიძემ.
ზაზა სარალიძის შეხვედრას დროებითი საგამოძიებო კომისიის „ევროპული საქართველოს“ წევრებთან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა.
რუსთაველის გამზირზე დღეს რამდენიმე ინციდენტი მოხდა, შედეგად სულ 19 პირი დააკავეს.