ზაზა სარალიძე - შსს-ში გარანტია მივიღე, რომ კვირის ბოლომდე რადიკალურ ზომებს გაატარებენ
შსს-ში გარანტია მივიღე, რომ კვირის ბოლომდე რადიკალურ ზომებს მიიღებენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრით კმაყოფილია, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ყველა ჩვენება გავიარეთ, რაც საქმეში არის მ.კ.-ს წინააღმდეგ. კვირის ბოლომდე დაველოდები, გამყარებულია მტკიცებულებებით, რომ მ.კ უნდა დააკავონ.
შევთანხმდით, რომ კვირის ბოლომდე რადიკალურ ნაბიჯებს თუ არ გადადგამენ, ისევ აქ ვიქნები. დღეს, ღამე სახლში მივდივარ.
შინაგან საქმეთა მინისტრი არ ყოფილა შეხვედრაზე. კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, რომ საქმეს ხელი არ შეეშალოს. ფაქტია, რომ კმაყოფილი ვარ, კმაყოფილი რომ არ ვიყო, არ გამოვიდოდი უწყების ტერიტორიიდან“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
სარალიძემ უწყების შიდა ტერიტორია დატოვა, თუმცა ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან რჩება.