ზაზა სარალიძე პროკურატურაში შეხვედრას მართავს. მან საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხს დააყენებენ.
„ჩვენი მხრიდან დაყენებული იქნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ წარდგენილი მეორე რეკომენდაციის შესრულების საკითხი. ეს რეკომენდაცია მ.კ. -ის მიმართ ბრალის წარდგენის შესაძლებლობას გულისხმობს. ამ რეკომენდაციაში სავსებით სამართლებრივად არის დასაბუთებული ეს მოთხოვნა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მზაობა იქნება“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის წარმომადგენელი და სახალხო დამცველი დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ზაზა სარილიძემ განაცხადა, რომ უწყებაში მიიღო დაპირება, რომ კვირის ბოლომდე რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ. სარალიძეს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება რადიკალურ ნაბიჯებში.