ზაზა სარალიძე - მოვითხოვ, შსს-მ გამოგვიგზავნოს დასაბუთებული წერილი, რის საფუძველზე გვიკრძალავენ კარვების დადგმას
ზაზა სარალიძე - მოვითხოვ, შსს-მ გამოგვიგზავნოს დასაბუთებული წერილი, რის საფუძველზე გვიკრძალავენ კარვების დადგმას

მოვითხოვ, შსს-მ გამოგვიგზავნოს წერილი, რის საფუძველზე გვიკრძალავენ კარვების დადგმას, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადების საპასუხოდ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ როდესაც არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია პროვოკაციებზე, შსს მართლწესრიგს იცავს იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომლებიც აქვს.

„მინდა გამოვეხმაურო მინისტრ გიორგი გახარიას განაცხადს, რის საფუძველზე გვიკრძალავენ კარვების დადგმას. რაღაც ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, რომელიც თურმე შსს-ს დასაბუთებული აქვს. მოვითხოვ, ეს დასაბუთებული წერილი ჩვენც გამოგვიგზავნონ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა თხოვნით, გაათავისუფლოს პარლამენტის შენობასთან დაკავებული აქციის მონაწილეები.

„წუხელ გავაკეთეთ განაცხადი და მოვუხმეთ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. ჩვენ არავისთვის ზურგი არ შეგვიქცევია. მმართველი გუნდიდანაც ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია გადმოვიდეს, დადგეს ჩვენთან და გააპროტესტოს ეს უსამართლობა. წუხელ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი მოვიდა. რეგულარულად გვირეკავენ სხვა პარტიების წარმომადგენლები და დახმარებას გვთავაზობენ. ლიდერებთან კონსულტაციებს დავიწყებთ და სამომავლო გეგმას დავსახავთ, როგორ ვებრძოლოთ ამ მკვლელ ხელისუფლებას.

მინდა მივმართო ასევე ძალოვან უწყებებს. გუშინ აქ აქციის ორი წევრი დაიჭირეს. მივმართავ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ეს ბიჭები, რადგან იყვნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები და არა ავაზაკები და ყაჩაღები. ავაზაკები და ყაჩაღები თვითონ არიან. ბატონ გახარიას მივმართავ თხოვნით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ეს ორი პიროვნება, რათა გააგრძელონ ისევ ჩვენთან ერთად მშვიდობიანი აქციაში მსვლელობა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გუშინ ორი ადამიანი დააკავეს. აქციას მართავდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.