ზაზა სარალიძე გიორგი გახარიასა და თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ზაზა სარალიძემ აქციაზე მისულებს მადლობა გადაუხადა და სიტყვით გამოსვლა წუთიერი დუმილის შემდეგ დაიწყო.
„პირველი განაცხადი ჩემი რაც იქნება, რახან ასე ისმის, თითქოს პოლიტიკური სახე მიეცა ამ ყველაფერს, მოვუწოდებ მმართველ გუნდს, მოვიდეს, ჩვენთან ერთად დადგეს ამ სცენაზე და ჩვენთან ერთად იბრძოლოს უსამართლობის წინააღმდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა კარგი ღიაა, ვისაც კი სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლა სწყურია, არავის ხელს არ ვკრავთ ჩვენ. თუ გული უძგერთ გულში და თუ შეტკივათ ჩვენი შვილი, მობრძანდნენ, დაგვიდგნენ გვერდით.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო გახარიას უწყებამ და რამდენიმე დღეში გადაეცა პროკურატურას, ანუ გახარიას უწყებამ დაიწყო პირველი გაყალბება ამ საქმის. ბოლოს, როდესაც ქუჩაში მომიწია თქვენი დახმარებით გამოსვლა, საქმე ისევ დაუბრუნეს გახარიას უწყებას. არ ვენდობი გახარიას უწყებას. მივეცი 10 რიცხვამდე დრო, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ. იმის მაგივრად, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ, ისევ გააგრძელეს ჩემი შვილის სულში ჩაფურთხება და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის სულში ჩაფურთხება. დაკავებული პიროვნება ვიღაც მერაბ მორჩაძე, რომელიც თითქოს არის კალანდიას ბიძა, ეს არ ყოფილა შსს-ს აღმოჩენა, ეს 15 აპრილს უკვე ჩვენი საქმის პროკურორებმა ფხაკაძემ და გუგუშვილმა ძალიან კარგად იცოდნენ, ვინ იყო ის. ამით ახლა ცდილობენ, კალანდიას ჩვენება გააპრავონ და პასუხისგებაში არ მისცენ ჩემი შვილის რეალური მკვლელი”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
როგორც სარალიძემ აღნიშნა, მიესალმება მირზა სუბელიანის დაკავებას, ის ექვსი თვის წინაც უნდა დაეკავებინათ.
„გადადგეს ნაბიჯი, რომ სუბელიანი დააკავეს, რასაც მივესალმები. სუბელიანი პირველივე დღიდან იყო ზუსტად ამ ფაქტზე დასაკავებელი, რაზეც 6 თვის შემდეგ დააკავეს. არის დანაშაული თუ არა პროკურორების, რომლებმაც მაშინ არ დააკავეს და ახლა იძულებული გახდნენ დაეკავებინათ? მე პირადად ვღებულობ ასეთ მოცემულობას. შოთაძე გადადგა, მე მარტო გადადგომა არ მომითხოვია, უნდა გადამდგარიყო და პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო“, – აღნიშნა სარალიძემ.
ზაზა სარალიძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვა.
„ახლა კონკრეტულად ვითხოვ გახარიას გადადგომას, რომელმაც კიდევ დაგვიკიდა ფეხებზე და კიდევ შეეცადა ჩემი შვილის სულში ჩაფურთხებას. უკვე კონკრეტულად ვითხოვ გახარიას გადადგომას, არ შეეფერება ეს ადამიანი ამ თანამდებობას, კიდევ ცდილობს მოტყუებას, მე არ მივცემ მოტყუების უფლებას. ვინ გადააყენა შოთაძე, ვის უნდა ახალი შოთაძის მოყვანა, წულუკიანს, რომელმაც ტაშფანდურით გააცილა შოთაძე? დამნაშავე პირი ტაშფანდურით გააცილა. მე მას აღარ ვენდობი, გადადგეს წულუკიანიც და ხალხმა გადაწყვიტოს, პროკურორის თანამდებობაზე ვინ აირჩიოს. მე პირადად ვაცხადებ, ბრძოლას არ შევწყვეტ, ვიდრე კონკრეტული მოთხოვნები არ დაკმაყოფილებდა, რასაც სამართლიანად ვითხოვ. გამოვიდეს გახარია და მითხრას, რომ არასამართლიანად მოვითხოვე მისი გადადგომა. აქ ვერ მოვა? ბრიფინგი ჩაატაროს და გამცეს პასუხი, არც მაგაზე მაქვს პრობლემა. რაც შეეხება წულუკიანს, მას არ აქვს უფლება დანიშნოს პროკურორი, რადგან რამდენი პროკურორიც დანიშნა, ყველა გვატყუებდა, გვაფურთხებდა სახეში. მოვუხმობ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, თუ უნდათ სამართლიანობის აღდგენა, მოვიდნენ აქ და დაგვიდგენენ გვერდით”, – განაცხადა სარალიძემ.