ზაზა სარალიძე და ნესტან ლონდარიძე შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებს გაეცნენ
ზაზა სარალიძე და ნესტან ლონდარიძე შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებს გაეცნენ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებს გაეცნენ.

როგორც საგამძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, მასალაში, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე პირების პირად მიმოწერას ეხება, არ არის მკვლელობის დღის მიმოწერა.

„ჩანაწერებში ჩვენ არ დაგვხვდა უშუალოდ დანაშაულის დღის მიმოწერა. აღნიშნულია რომ შიგთავსი არის წაშლილი. შემდეგ უკვე არასრულწლოვნებს შორის საუბრები გრძელდება 3 დეკემბრიდან, თუმცა ის მასალა, რაც არის გადმოცემული, თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მიმოხილვა და განხილვა, ტელევიზიით მიღებული ინფორმაციის. უშუალოდ რაც ჩვენ გვაინტერესებს, რა საუბრები მიმდინარეობდა დანაშაულის დღეს და რა საუბრები უძღოდა დანაშაულს წინ არ არის. ამ ჩანაწერებს ახლავს განმარტებითი ბარათი, თუმცა არსად არის განმარტებული, რატომ არ არის წარმოდგენილი უშუალოდ პირველი დეკემბრიდან 3 დეკემბრამდე ჩანაწერები“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

მისივე ინფორმაციით, არასრულწლოვნების მიმოწერის მასალაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ჩანაწერები არ არის.

„ეს არის არასრულწლოვნების მიმოწერა, რომლებიც არიან უკვე მსჯავრდებულები დანაშაულში. კალანდიას ჩანაწერები ვერ ვნახეთ. თუმცა გარკვეულ ეპიზოდებზე მისი გვარის ხსენება ჩვენ ვნახეთ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გავამახვილებ ყურადღებას, თუმცა ვიტყვი, რომ ბავშვები ამახვილებდნენ მის მონაწილეობაზე ყურადღებას და ადასტურებდნენ, რომ მსჯავრდებულები დანაშაულის ადგილზე სწორედ მიხეილ კალანდიამ წაიყვანა“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.