ზაზა სარალიძე - ბევრი კითხვა მაქვს გიორგი გახარიასთან და უფრო მეტი შალვა თადუმაძესთან
ზაზა სარალიძე - ბევრი კითხვა მაქვს გიორგი გახარიასთან და უფრო მეტი შალვა თადუმაძესთან

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე უნდა გაიხსნას და არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგი კაპანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ერთადერთი მთავარი კითხვა არის ისევ და ისევ, ვინ მოკლა ჩემი შვილი? და რატომ აფარებენ ხელს ასე გამალებით და გაფაციცებით. ეს საქმე უნდა იყოს აუცილებლად გახსნილი იქიდან გამომდინარე, რომ არამარტო ჩემი მოთხოვნაა, არამედ სრული კანონმდებლობის ჩარჩოებში, როგორც საქართველოს კანონმდებლობას შეესაბამება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, ყველა საკითხი, ყველა კითხვა უნდა იყოს პასუხგაცემული არამარტო მისი შვილის, არამედ ყველა საქმეზე.

„ამასთან დაკავშირებით მე პირადად ბევრი კითხვა მაქვს ბატონ გახარიასთან და უფრო მეტი კითხვა მაქვს ბატონ თადუმაძესთან, რომელთანაც გაგზავნილი მაქვს ღია შეტყობინება, რომ მსურს მასთან შეხვედრა, მაგრამ ფაქტია, გვემალება და არ გვეხმაურება“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, ხვალ გიორგი გახარია პარლამენტშია დაბარებული და ​ზაზა სარალიძე აპირებს, პირადად დაესწროს სხდომას.

„მე ჩავალ ქუთაისში, ვეცდები, პარლამენტში მოვხვდე და პირადად მოვუსმინო იმ კითხვებზე პასუხებს, რა კითხვებიც დაისმება და რა პასუხებსაც გასცემს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.