ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ზვიად კუპრავასთან ერთად გაკეთებული ფარული ჩანაწერი გამოძიებისთვის არ გადაუცია
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ზაზა სარალიძეს შეკითხვა დაუსვა იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სარალიძის თქმით, მან და ზვიად კუპრავამ ჩაიწერეს.
„კუპრავას მიერ გაკეთებული ჩანაწერი ახსენეთ. თქვენ თქვით, რომ გამოძიება არ დაინტერესდა და „რუსთავი 2“-ზე გავიდა ამ ჩანაწერის ნაწილი. ეს ჩანაწერი თქვენ მიაწოდეთ გამოძიებას?“, – ჰკითხა მამუკა მდინარაძემ ზაზა სარალიძეს.
როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, ეს ჩანაწერი გამოძიებისთვის არ გადაუცია, რადგან მისთვის ჩანაწერის გადაცემა არ მოუთხოვიათ.
„მე და კუპრავამ ერთად ჩავწერეთ. კუპრავას ვთხოვე და ჩავწერეთ. მე რატომ უნდა მიმეწოდებინა გამოძიებისათვის თვითონ თუ არ მომთხოვა. აღარ ვენდობოდი პროკურორებს. ჩემი გადაწყვეტილება ის იყო, რომ წეღან რომელი ბავშვებიც დავასახელე, მქონდა ინიციატივა, რომ ჩამეწერა კიდევ სხვები და შემეჯამებინა შემდეგ რა იქნებოდა და ვინ რას ისაუბრებდა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის განცხადებით, მან და ზვიად კუპრავამ ჩაიწერეს მისი შვილის მეგობრების, დ.ნ-სა და დ.ღ-ს საუბარი. როგორც სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რის შესახებაც ბავშვები ამ ჩანაწერში საუბრობენ, სასამართლოზე აბსოლუტურად უარყვეს.
„ჩავიწერეთ ერთ-ერთი საუბარი. მე და ზვიად კუპრავა ვიყავით ერთად. ჩავიწერე საუბარი და რაზეც ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე“, – განაცხადა სარალიძემ.
მისი თქმით, თავიდანვე ეჭვობდა, რომ დ.ნ-ს ან დ.ღ-ს იარაღი უნდა ჰქონოდათ.
„თავიდანვე მქონდა ეჭვი, რომ ამ ორიდან, დ.ნ-ს და დ.ღ-ს ვგულისხმობ, რომელიმეს უნდა ჰქონოდა იარაღი, რაშიც შემდეგ დავრწმუნდი. ამაში ჩემი საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ დამარწმუნა, რომელიც არ ფიქრობდა იმაზე, თუ რამხელა წინააღმდეგობას გავუწევდი“, – განაცხადა სარალიძემ.