ზაზა პაპუაშვილი - წინა მოწვევის პარლამენტში მსგავსი სახის პრობლემები არ იყო
ზაზა პაპუაშვილი - წინა მოწვევის პარლამენტში მსგავსი სახის პრობლემები არ იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი წინააღმდეგია, რომ “ქართული ოცნება” ახალ და ძველ სახეებად დაიყოს.

ზაზა პაპუაშვილმა გუნდში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ არანაირი დაშლის, დაპირისპირებისა და ლანძღვა-გინების მომხრე არ არის.

მისი თქმით, გუნდის ახალ და ძველ სახეებად დაყოფა შეურაცხმყოფელია.

“არგუმენტებით საუბრის და პრობლემების გარკვევის მომხრე ვარ. არის თემები, რაც ღირსებასაც ეხება, ფასეულობასაც. გარდა იმისა, რომ დეპუტატები ვართ და ვართ პოლიტიკაში, ადამიანები ვართ და ჩვენთვის რაღაც მისაღებია, რაღაც – არა”, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, წინა მოწვევის პარლამენტში მსგავსი სახის პრობლემები არ იყო.

პაპუაშვილს კოლეგების მიმართ ზოგიერთი დეპუტატის დამოკიდებულება და ტონი არ მოსწონს.

„წინა მოწვევის პარლამენტში ასეთი სახის პრობლემები არ იყო. იმის მომხრე არ ვარ, რომ საქმეები გარეთ ირჩეოდეს, მაგრამ ყველამ საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ. არც ტონალობა მომწონს, არც განცხადებები, არც ქედმაღლური დამოკიდებულება, რაც ზოგიერთი დეპუტატისგან საკუთარი კოლეგის მიმართ ისმოდა. ამაზე საუბარი ხმამაღლა მექნება. დაშლისა და არევის მომხრე არ ვარ, რადგან საქმე ქვეყანას ეხება, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ვითარების არევით დაინტერესებული არავინ უნდა იყოს, მაგრამ მიწა არც სიმართლეს არ უნდა მიეყაროს. ისეთი დონის, პათოსის, ქედმაღლური განცხადებები არ მიყვარს, რაც ისმოდა. საკუთარ თავში ჩავიხედოთ და ჩვენ-ჩვენს დანაშაულს მივხედოთ, თორემ, ჭეშმარიტების გზაზე ვინაა, ეს ცოტა სადაო თემებია. ნურავინ დაიბრალებს, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების მთქმელია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობა მისაღებია და ამასთან, კონკრეტული საკითხები გუნდში უნდა ირჩეოდეს.

“წინა მოწვევის პარლამენტში აზრად არავის მოსვლია ეთქვა – შენ ძველი სახე ხარ და მე ახალი. ძველი და ახალი სახეების ტერმინოლოგია შეურაცხმყოფელია. ამის გაკეთება არ შეიძლება. ვინც ამ ტერმინოლოგიის მომხრე და ავტორია, ეს უნდა გაირკვეს და საუბარი იმაზე გვექნება, რომ არ შეიძლება საზოგადოება ასე დაიყოს. მაშინ, დავიყოთ – ცოლიანი, უცოლოები, ძველები, ახლები. ასეთი ტერმინოლოგიის შემოღება საქმეს არ წაადგება. პრინციპებით უნდა ვისაუბროთ, პროცესები ამან აამღვრია, თორემ, შეიძლებოდა პრობლემის ისე მოგვარება, რომ პროცესი ასეთ გართულებამდე არ მისულიყო”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დეპუტატმა ზრდილობის საკითხსაც გაუსვა ხაზი და საღი, კვალიფიციური მსჯელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“საღი და კვალიფიციური მსჯელობა უნდა იყოს, თუ ამას გადავაბიჯებთ და ერთმანეთს ისე გავიმეტებთ, რომ ჩიხში შევიდეთ, ცუდი იქნება. სხვისი ღირსების შელახვას ნუ შეეცდებიან. ამას საკუთარ თავსაც მოვუწოდებ და ჩემს შეცდომებზე თამამი საუბარი შემიძლია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.