ჩვენ თუ ერთსულოვნების სურნელი არ შევიგრძენით და მოსალოდნელი განსაცდელები არ წავიკითხეთ, მერე რაღაც მობილიზაცია და შეკრება ეს ხომ ქაოსია, – ამის შესახებ 30 აპრილის აქციის ორგანიზატორმა, ზაზა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ყველაფერი პირდაპირ გვითხრეს. თვალს თუ დავიბნელებთ და ყურს წავიყრუებთ, თორემ ნათელია ყველაფერი, ჩამოგვიკიდეს დღის წესრიგი. საზოგადოებას აქვს ფუნქცია, რომ წონასწორობა დაიჭიროს ქვეყანაში. ის კამერტონი უნდა იყოს, მან უნდა მოგცეს ტონალობა, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება. საზოგადოების შეკვეთა ის არის, რომ ასეთ რყევებში არცერთ ოჯახს არ უნდა ცხოვრება, არ უნდა ასეთ დაძაბულობაში ხვალინდელი დღე, გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა არ უნდა და პირდაპირ გეუბნება – ნუ ილანძღებით, ნუ ყვირიხართ, ნუ ყაყანებთ, მოგვასმენინეთ, რას ლაპარაკობთ, გაგვაკეთებინეთ არჩევანი, ვინ რას ამბობს, რისთვის ამბობს და რა არის ამოცანა. ყველაფერი მიშვებულია და ადამიანს რჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი ხელმოცარული პოლიტიკოსისა და არასამთავრობოების გარდა ქვეყანაში არავინ არ არის. ან ეს გარედან შემოვარდნილი დღის წესრიგი რა არის, ამათი დღის წესრიგით როგორ უნდა იცხოვრო? ხალხი დაძაბულია და რატომ, ჩვენ თავისუფალი ქვეყნის აშენება არ გვინდოდა? რა არის ეს, ვის ოჯახებში უნდა მივვარდეთ და ვის შვილებს უნდა მივუვარდეთ? არ იწერებოდა ასეთი რამ? ერთადერთი ძალა, რაც ამ გაუცხოებასა და აგრესიას ქვემოთ ჩამოწევს, არის საზოგადოება. მას უნდა ჰქონდეს უნარი, გამოვიდეს და თქვას, რომ ასე არ ფიქრობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ განცხადებით ზაზა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, რა იყო წინაპირობა და მთავარი მიზეზი, რამაც 30 აპრილს აქციის გამართვა გადააწყვეტინა.
მისი თქმით, ქვეყანას რეფორმების ჩატარება სჭირდება, მაგრამ შექმნილი ვითარებით ყველაფერი იფარება.
„ინვესტორი გარბის, აქ ისეთი რყევებია. რამდენჯერ უნდა სცადონ ხან შიმშილობა, ხან შევარდნა, ხან გამოვარდნა, ხან არ „გაგიპრავებთ“ ამ არჩევნებს, ხან ის არ მოგვწონს და ა.შ.? ეს საქმე იყო, რაც დამართეს საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით? საქართველო იუმორის ქვეყანაა და ეღიმებათ უკვე ამაზე. მიიღე უკრაინა და მოლდოვა? კი ბატონო, მიიღე, მაგრამ რატომ დაუკარგე შრომა და წყალში რატომ გადაუყარე ქართველს, რათა ქვეყნის შიგნით დაპირისპირება მოხდეს ამის გამო? ან, ამის გამო რატომ უნდა მოხდეს ეს დაპირისპირება? ესე იგი, შენ მე მკარნახობ და მეუბნები – მე უნდა დაგინიშნო ხელისუფლება, მოსამართლეები, ის არ ვარგა, ეს არ ვარგა, უნდა დაანგრიოთ ეს, დაგაფინანსებთ ამაში და ა.შ. ჩვენ კი უნდა ვისხდეთ და ამას არხეინად ვუყუროთ. ან ხალხი ვართ, ერი ვართ და ან არ ვართ, ან ყველა კარგად უნდა ვიყოთ, ან ყველა ცუდად ვიქნებით. ეს არის არსი. მიზანი არის შენი ქვეყანა და გაგვაგებინეთ, ეს ნიშნული სად არი? გავიგოთ, ეს ნიშნული, სამშობლოს ცნება არსებობს კიდევ ქვეყანაში? თუ არსებობს და აგერ არის 30 აპრილი. ეს ნიშნული, რომ საქართველო ჩვენზე მაღლა დგას და ქვეყანა უპირველეს ყოვლისა, არის მთავარი თემა და მერე აქედან გამოდის ყველაფერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ზაზა პაპუაშვილმა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს კბილებით უჭირავს მშვიდობა, რასაც უნდა მოჰყვეს გამრავლება, განათლების მიღება, რეფორმები, პერსპექტივა და მომავალი.
„ამ მშვიდობაზეა ლაპარაკი და ვის გაუსკდა ვაჟკაცობის ბუშტი, ვერ გავიგე. გუშინ რომ გაიქცნენ იმათ? მძღოლებად რომ დაუდგნენ რუს გენერლებს და მწვადებს უწვავდნენ, ის ხალხი რატომ უნდა ლაპარაკობდეს? რატომ მიაყენეს საზოგადოებას ამხელა შეურაცხყოფა? ყველაფერი მიდის ღირსებასთან. ეს თუ არ შევცვალეთ, გიყურებს მომავალი თაობა, რატომ ხარ ასეთი ინერტული. დებატი ნებისმიერ თემაზე შეიძლება, მაგრამ უნდა იცოდე ის თემა, რაზეც დებატობ. არ წაგიკითხავს ის კანონი და ერთ ამბავს რატომ ტეხ? იმიტომ, რომ ასე გითხრეს და მე უკვე შენთან დიალოგიც კი არ გამომივა, სურვილიც აღარ მაქვს დიალოგის და ამის გამო უნდა დალეწოთ ქვეყანა, იარლიყები არიგოთ, ეს რუსია, ის ის არის? მაშინ, უნდა დამიმტკიცო, რაღაც არგუმენტი მომიტანო, რომ მე ასეთი დამნაშავე ვარ, თორემ ასე ლანძღვა და იარლიყები მიაკერეთ ერთმანეთს; ამის უფლებას აღარ გაძლევთ! საზოგადოება გეუბნებათ – აღარ ავიტან ამას, აღარც მოგისმენ, აღარც არჩევნებზე მოვალ და არც ხმას მოგცემ. იმიტომ, რომ ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებ. ადამიანები 30 წელია, ამბობენ, პოლიტიკაში ვართო და კითხვაც არ დავსვათ, რა გააკეთეს ეს 30 წელი? ან, არ გრცხვენია, 30 წელი რომ პოლიტიკაში ხარ და დღის წესრიგს ვერ ქმნი, კვალიფიციური ოპონირება არ შეგიძლია, არ გაქვს რეიტინგი, არ გაქვს პატივისცემა და არ გაქვს სიყვარული? რა გინდა პოლიტიკაში, გამაგებინეთ. წადით, გაათავისუფლეთ ეს სივრცე, რომ უფრო მეტად ვიფიქროთ იდეებზე და პერსპექტივაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ზაზა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანსაღი საზოგადოების გარეშე სახელმწიფო არ იქნება და ამიტომ საზოგადოების იგნორირება არ შეიძლება, რომელიც ქვეყნის საყრდენია.
ამასთან, ზაზა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოების დაყოფა არ შეიძლება და აქციაზე ყველას შეუძლია მისვლა, თუმცა აქციაზე პოლიტიკოსები სიტყვით ვერ გამოვლენ.
„მე გამოვალ სიტყვით, გამოვა ია მეტრეველი, ზაზა შათირიშვილი, სოსო მანჯავიძე, ირაკლი გოგავა, უცნობი, რუსუდან შარაძე და ა.შ. აქცია ალბათ, საათ-ნახევარზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.