ზაზა პაპუაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკითხზე პროცესი სამუშაო უნდა ფორმატში გადავიდეს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი წინადადება იყო, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების საკითხს ეხება. საუბარი შეეხო კანდიდატურების წარდგენილ სიასა და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
როგორც შეხვედრის შემდეგ ანა დოლიძემ განაცხადა, დეპუტატებს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე თავიანთი მოსაზრებები და ხედვა გააცნეს.
„ორი წელია, ყველაზე ხმამაღალი ტრიბუნებიდან ვამბობთ, რომ სასამართლოში პრობლემები იქმნება. ჩვენ მოვედით გზაგასაყარზე, როდესაც შეიძლება, კლანმა საბოლოო ჯამში განიმტკიცოს სასამართლო ხელისუფლება და სამარადჟამოდ ჩააცემენტოს საკუთარი თავი. ვფიქრობ, ეს გამოწვევა ესმით დეპუტატებს“, – განაცხადა დოლიძემ.
ამასთან, როგორც დეპუტატმა, ფრაქციის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა, მათთვის საინტერესოა, რას ფიქრობენ საბჭოს არამოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე.
„გვაინტერესებდა მათი აზრი, იდეები, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. საკითხი სახალხო მღელვარების თემაა და გვინდა, ისეთ გადაწყვეტილებებს შევუწყოთ ხელი, რომ სიმშვიდე იყოს და ყველაფერი გადავიდეს სამუშაო პროცესში. ვეთანხმები, რომ წარდგენილი სია არ განიხილება, თუმცა არის ყურადსაღები პროცედურები“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს დღეს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. მათი თქმით, საკანონმდებლო წინადადების მთავარი მიზანია, შეიცვალოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმა, დაინიშნოს კონკურსი, რომელიც იქნება ღია და გამჭვირვალე.