ზაზა ოქუაშვილი - ტელეკომპანია „იბერიის“ ხელმძღვანელობას ვურჩევდი, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს ჩაატარონ
“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იბერიის“ ხელმძღვანელობას ურჩევდა, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს ჩაატარონ.
როგორც ოქუაშვილმა აღნიშნა, ტელეკომპანიას ჰყავს დირექტორი და მათ საქმიანობაში აქტიურად არ ერევა.
„თუ ეს საშუალება მომეცემა ყველა ტელევიზიას ვურჩევდი, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს გააკეთონ. მაგალითად, როცა აგვისტოა, როცა ხალხი ისვენებს, თუმცა გადაწყვეტილება მათია. ეს ამბიციური გადაწყვეტილებაა და ამბიცია უკეთესზე აქვთ. ტელეკომპანიას ჰყავს დირექტორები. მე მათ საქმიანობაში ასე აქტიურად არ ვერევი. მე ახლა სახელმწიფო სამსახურში ვარ, რომ არა ეს ფაქტორი, მაშინ აუცილებლად ვურჩევდი, უფრო პასიური დრო აერჩიათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მივესალმები ამბიციებს, დიდი ძალებითა და ახალი მიზნებით მოსვლას და საქმიანობის გაგრძელებას”, – განაცხადა ოქუაშვილმა.
ტელეკომპანია „იბერიაში“ რეორგანიზაცია გამოცხადდა. როგორც პირველ არხთან საუბარში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი, გიორგი ჯიბღაშვილი აცხადებს, მიმდინარე სახელფასო დავალიანების გამო, დღეს ოპერატორებმა გადაღებაზე უარი თქვეს, რის შემდეგაც მენეჯმენტმა განაცხადა, რომ არხზე რეორგანიზაციაა.