ზაზა კალანდარიშვილი - დღეს, საქართველოში მხოლოდ „ფენტალინი“ არ არის პრობლემა, არის სხვა უამრავი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს
დღეს, საქართველოში მხოლოდ „ფენტალინი“ არ არის პრობლემა, არის სხვა უამრავი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომლებიც არანაირ კვლევას არ ემორჩილება და არანაირ ტესტში არ ამოდის, მაგრამ იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს, – ამის შესახებ სარეაბილიტაციო ცენტრ „გამოსავალის“ პროგრამულმა ხელმძღვანელმა, ზაზა კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ახალგაზრდებს მინდა, მივმართო, რომ არ მოიხმარონ არანაირი ნივთიერება, მათ შორის არც მსუბუქი, არც მძიმე და სხვათა შორის, არც თუნდაც ალკოჰოლი. „ფენტალინი“ იმიტომ არის ამდენად ვერაგი, რომ ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი თავად ვერ აცნობიერებს, რომ შეიძლება, მას დაემართოს ზედოზირება, რადგან ეს ძირითადად, ძილში ხდება ხოლმე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სიმპტომები ვლინდება ზედოზირების შემთხვევაში, ასეთი სახის ნივთიერების მიღებისას, ზაზა კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ როგორც სტანდარტულ ოპიოიდებს, ამ ნივთიერებასაც ახასიათებს ფრჩხილების სილურჯე, ტუჩების სილურჯე, პულსის სიხშირის შემცირება, სუნთქვის შემცირება და ძილისკენ მიდრეკილება.
„ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა არ დაიძინოს; ვინმეს შეატყობინოს იმის შესახებ, რომ მიღებული აქვს ეს ნივთიერება; თუ ვინმესთან ერთად არის, თანმხლებ პირებს სთხოვოს, რომ სასწრაფო დახმარებაში დაარეკინოს, ხოლო თუ მარტოა და სახლის პირობებშია, გააღოს ფანჯრები, ღია დატოვოს კარი და თვითონ გამოიძახოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. შეიძლება, ვიდრე ისინი მოვლენ, ადამიანი გათიშული დახვდეთ, მაგრამ შევლენ და უშველიან“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა სარეაბილიტაციო პროგრამები მოქმედებს საქართველოში, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და რამდენად აქვს ჩვენს სახელმწიფოს ფინანსური რესურსი მსგავსი ტვირთის ასაწევად, რადგან მოცემული ნარკოპოლიტიკის პირობებში სარეაბილატაციო და ზიანის შემცირების პროგრამებზე სახელმწიფო საგრძნობლად მცირე რესურსს ხარჯავს, ზაზა კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ეს რესურსი უნდა გამოინახოს, რადგან თუ ამ პრობლემას დროულად არ მიეხედება, პრობლემა ექმნება საქართველოს გენოფონდს.
„ასე მარტივად არ არის საქმე, რომ ადამიანთა რომელიღაც ჯგუფმა ნარკოტიკები მოიხმარა. ჩვენ უფრო გლობალურად ვუყურებთ ამ პრობლემას. დამოკიდებულება არის პრობლემა, რომელიც თითქმის ყველა ოჯახს ეხება. დღეს უბრალოდ, იმაზე არ ვსაუბრობ, თამაშდამოკიდებულება როგორი სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში და პლუს ალკოჰოლდამოკიდებულება და სხვა გამოვლინებები. ჯამში რომ შევკრათ, ჩვენი კუსტარული დაკვირვებით ალბათ, ყველა მეორე ოჯახს პრობლემა აქვს. ამიტომ, თუ ჩვენ ხელებჩამოყრილი ვისხდებით, მათ შორის სახელმწიფო, მივიღებთ იმას, რასაც ვიღებთ კიდეც დინამიკაში“, – განაცხადა ზაზა კალანდარიშვილმა.