ზაზა ჯანაშია - ხვიჩა კვარაცხელიას გადაყვანა მოსკოვის „ლოკომოტივის“ გარდა სხვა გუნდებსაც სურთ
ზაზა ჯანაშია გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „რუსთავის“ 17 წლის თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა გუნდის სატრანსფერო კომიტეტს კიდევ ერთი ქართველის დამატება შესთავაზა – ლაპარაკია თბილისის „დინამოს“ აკადემიის გაზრდილ 17 წლის ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლიც 2018 წელს, მარტში „რუსთავში“ გადავიდა. გაირკვა, რომ კვარაცხელიას შეძენა ყოფილ მწვრთნელს საქართველოს ნაკრებისა და „ლოკომოტივის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ზაზა ჯანაშიამ ურჩია – ეს „ზუგდიდის“ მფლობელმა „სპორტ-ეკსპრესთან“ ინტერვიუში დაადასტურა. მაგრამ, იქვე დაამატა, რომ კვარაცხელიას სხვა გუნდებიც აკვირდებიან.
„სიომინთან კვარაცხელიას შესახებ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ვილაპარაკეთ. ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ბიჭია, იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. 17 წლის ასაკში ის უკვე უმაღლეს ლიგაში თამაშობს. 18 წლის ვიყავი, როდესაც „ლოკომოტივში“ მივედი და ვითამაშე. ასე რომ, ვფიქრობ, რომ კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა შეუძლია“, – ამბობს ჯანაშია.
მაგრამ, ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, 17 წლის ქართველს მხოლოდ „ლოკომოტივი“ არ აკვირდება.
„სიომინი ხვიჩას სანახავად საქართველოში არ ჩამოსულა, მაგრამ მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებიან – ამ ბიჭს ყველა იცნობს. თუმცა, კვარაცხელიათი ბევრი კლუბი დაინტერესდა. ზოგიერთს კონტრაქტის გაფორმებაც სურდა, მაგრამ არ გაუშვეს“, – ამბობს ის.
ეს სხვა გუნდი, აპრილში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის „ბაიერნი” იყო. 17 წლის თავდამსხმელი აპრილში, ოჯახის წევრებთან ერთად გერმანიაში გაფრინდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის შეხვედრაზე („ბაიერნი“ – „სევილია“ – 0:0) მიიწვიეს. მედიასაშუალებები ამტკიცებდნენ, რომ ქართველმა თავდამსხმელმა ბავარიელებთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა, მაგრამ ოფიციალურად გერმანელებს ეს ამბავი არ დაუდასტურებიათ.
კვარაცხელია 2017 წლის დეკემბერში GFF AWARDS 2017-ზე ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემიის პირველი მფლობელი გახდა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის ინიციატივით, ეს პრიზი 17 და 19-წლამდელ ფეხბურთელთა შორის გამორჩეულებს ყოველ წელს გადაეცემათ.