ზაზა გაბუნია - საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია თანამებრძოლები ვართ უმნიშვნელოვანესი ამოცანების გამკლავების საქმეში
ზაზა გაბუნია - საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია თანამებრძოლები ვართ უმნიშვნელოვანესი ამოცანების გამკლავების საქმეში

მინდა, ცივი წყალი გადავასხა ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ეკლესია და ხელისუფლება ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა და ამისთვის ხელებს იქავებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ის ღირებულებები, რასაც საქართველოს ეკლესია თავის თავში აერთიანებს და ამაგი, თუ უდიდესი პოზიტიური წვლილი, რაც ეკლესიას ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში ჰქონდა და მომავალშიც ექნება. საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია თანამებრძოლები ვართ იმ უმნიშვნელოვანესი ამოცანების გამკლავების საქმეში, რაც ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას“, – განაცხადა გაბუნიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აღიქვა თუ არა მან სასულიერო პირების მხრიდან საჯაროდ გამოხატული პროტესტი ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევად, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ ბოლო დროს, სხვადასხვა სახის განცხადებები გაკეთდა, მაგრამ პატრიარქის ცნობილი მიმართვა, სადაც მან მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, სრულიად გასაგები იყო ყველასთვის და იყო ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა კანაფის მოყვანისა და ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის წინასწარ განხილვა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან კონსულტაციების გამართვა, ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხალხის ხელისუფლებაა, მას აინტერესებს, ამა თუ იმ საკითხზე ხალხი რას ფიქრობს და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როცა კანონპროექტის განხილვა შეჩერდა, სწორედ ამის გამოხატულება იყო.

„ეს მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა. მომზადდა კანონპროექტი და კანონპროექტი, რა თქმა უნდა, თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ფართო საზოგადოებრივი მსჯელობისთვის კარი იხსნება. ფართოდ გახსნილი სადისკუსიო სივრცე ხელისუფლების ინტერესშია“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.