ზაზა გაბუნია - მართლმსაჯულების სისტემის საკითხია, რა ზომასა და ღონისძიებას გამოიყენებს სასამართლო
მართლმსაჯულების სისტემის საკითხია, რა ზომასა და ღონისძიებას გამოიყენებს სასამართლო, ამის შეფასებაში ვერ და არ შევალ, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ „ნაციონალური მოძრობის“ წევრ, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ნიკა მელია 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.
„ნიკა მელია არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი 20 ივნისის ღამის მოვლენების ესკალაციაში, დაძაბულობის შემოტანასა და პარლამენტზე შტურმის განხორციელებაში. პირველმა ინსტანციამ და სააპელაციო სასამართლომაც ამ პირს გარკვეული ვალდებულებები დააკისრეს. სასამართლო რა ზომას და რა ღონისძიებას გამოიყენებს, ეს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის საკითხია და ბუნებრივია, ამის შეფასებაში ვერ და არ შევალ. მას აეკრძალა საჯარო აქტივობა. ის თავად ადასტურებს, რომ ასჯერ რომ დასჭირდეს, ასჯერვე იგივეს გააკეთებდა. ანუ, ასჯერვე ხელს შეუწყობდა ქაოსის, დაპირისპირების, შტურმის, ძალადობის განხორციელებას მთავარ კონსტიტუციურ ორგანოზე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი სამართლებრივ კონტექსტში უნდა იყოს განხილული.
„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივ კონტექსტშია განსახილველი. რაც შეეხება პატიმრობასა და პატიმრობის არშეფარდებას, საპარლამენტო უმრავლესობას გადაწყვეტილება იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით მისი დაპატიმრებისთვის არ მიუღია, არამედ იმისთვის, რომ სამართლებრივი ღონისძიება განხორციელებულიყო. ახლა ეს სამართლებრივი ღონისძიებები ხორციელდება. არავითარ ვენდეტასა და შურისძიებას არ აქვს ადგილი, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და მართლმსაჯულებას სასამართლო ახორციელებს“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურა ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.