ზაზა გაბუნია - მამუკა ხაზარაძის განცხადება უკიდურესად გაზვიადებულია, რადგან მაია ცქიტიშვილს ვიცნობ და მისი პორტრეტის ასე დახატვა სრულიად უადგილოა
მამუკა ხაზარაძის განცხადება უკიდურესად გაზვიადებულია, რადგან მაია ცქიტიშვილს ვიცნობ და მისი პორტრეტის ასე დახატვა სრულიად უადგილოა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განუცხადა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ხელმძღვანელმა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უარი უთხრა ბრიტანელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსებაზე და რომ ხელისუფლებას არ სურს ამ პროექტის განხორციელება.
დეპუტატის თქმით, მაია ცქიტიშვილს ანაკლიის პროექტის წარმატებულად გასაგრძელებლად ინვესტორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან არაერთი შეხვედრა ჰქონდა.
„რბილად რომ ვთქვათ, არ არის სამართლიანი და ადეკვატური, როცა მამუკა ხაზარაძე ამ ნიშნით თავდასხმის ობიექტებს არჩევს და ცდილობს, პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ეს არ არის კეთილსინდისიერი საქციელი. საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის საკითხს სიღრმისეულად და სერიოზულად უდგება. იმ ვალდებულებების შესასრულებლად ყველაფერი გაკეთდა, რაც სახელმწიფოს ჰქონდა. მეჩვენება, რომ ხაზარაძე ცდილობს, ზურგიდან სიმძიმეები მოიშოროს, რადგან სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სრულდება, კონსორციუმის პასუხისმგებლობა და ვალდებულება კი რაც იყო, ბოლომდე შესრულებული არ არის”, – განაცხადა გაბუნიამ.