ზაზა ბიბილაშვილი - ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძემ გაბედა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯა
ზაზა ბიბილაშვილი - ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძემ გაბედა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯა

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არის დანაშაული, რომელიც პროკურორმა და მოსამართლემ ჩაიდინეს, – ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს შეემატა სისხლის სამართლის ახალი დამნაშავე ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძის სახით, რომელმაც გაბედა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯა. ამით მან განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს ისევე, როგორც პროკურორად წოდებულმა ირაკლი ნადარეიშვილმა. ეს არის
სახელმწიფოს წინაშე დანაშაული“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ უკავშირდება გირგვლიანის საქმეს, ვინაიდან 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილმა 79 ყოფილი სამხედრო შეიწყალა.

„ივანიშვილის რეჟიმმა ამ გადაწყვეტილებით გვითხრა, რომ დღეს კანონი ქვეყანაში არის ის, რასაც იტყვის ივანიშვილი. პოროშენკო და ივანიშვილი გარიგდნენ, რათა სააკაშვილი მოაშორონ პოლიტიკურ ველს. ეს არის რუსული სცენარი, რომელიც თამაშდება საქართველოსა და უკრაინაში“, – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დამნაშავედ ცნეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.