ზაურ სვანაძე ბაქოს ,,კესლას” (ადრე “ინტერი”) მთავარი მწვრთნელი აღარ არის, გუნდს მისი ასისტენტი რამაზ სვანაძეც დატოვებს – ეს ინფორმაცია აზერბაიჯანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
როგორც გაირკვა, კლუბის ხელმძღვანელები ქართველ სპეციალისტს შეხვდნენ და ხელშეკრულების ორმხრივად გაწყვეტაზე დაითანხმეს.
ზაურ სვანაძე ბაქოს გუნდში მთავარ მწვრთნელად 2015 წელს დაინიშნა, როდესაც პოსტი კახა ცხადაძემ დატოვა და საქართველოს ნაკრები ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ბაქოელები ევროპა ლიგაზე ორჯერ მოხვდნენ.
თუმცა, წლევანდელი სეზონი წარუმატებელი გამოდგა. გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ეს შედეგებზეც აისახა. ბოლო ტურში ,,კესლამ” საშინაო შეხვედრა “ქიაფაზთან” 0:2 დათმო, 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა და კლუბის ხელმძღვანელობა შედეგებით უკმაყოფილო დარჩა.