ზაურ დარგალი - „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, როგორც ყველა არჩევნებზე
ყოველდღიურად ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას, თუმცა როგორც ყოველთვის, როგორც ყველა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს თავის პროვოკაციულ ქმედებებს, – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აღნიშნული ქმედებები არის შემაშფოთებელი.
„დღეს დილიდან დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციები. საღამოს პრივოკაციები გაგრძელდა „ქართული ოცნების“ ოფისი წინ, სადაც მოვარდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პირდაპირ აგინეს ყველაზე ცუდ ფორმებში ჩვენს აქტივისტებს. ამის ფონზე მოხდა ორმხრივი ჩხუბი, შელაპარაკება, ფიზიკური დაპირისპირება. ჩვენ არც ერთ ფორმაში არ გვაწყობს პროვოკაციები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არჩევნები მოგებული გვაქვს. ყოველდღიურად ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას, თუმცა როგორც ყოველთვის, როგორც ყველა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს თავის პროვოკაციულ ქმედებებს, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი.
მეც ვნახე დამტვრეული მანქანა, ამასთან დაკავშირებით შეფასებას გააკეთებს პოლიცია. სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართულნი, ექსპერტებიც ჩართულები არიან. შესაბამისად, დასკვნა იქნება და შესაბამისი რეაგირება იქნება, თუმცა პროვოკაცია თავიდან ბოლომდე დილიდან ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომელიც საღამოს საათებში გაგრძელდა. ჩხუბი იყო ორმხრივი, ორივე მხარე იღებდა მონაწილეობას და რა მოხდა როგორ მოხდა, ჩხუბში ვინ ვის სცემა, ამის შეფასებას და დასკვნას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.