ზარანდიას ტრანსფერში „არკამ“ რეკორდული თანხა აიღო
ზარანდიას ტრანსფერში „არკამ“ რეკორდული თანხა აიღო

პოლონური გამოცემა „გოლ24“ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქართველი თავდამსხმელი ლუკა ზარანდია „ზულტე-ვარეგემმა“ სოლიდურ თანხად გამოისყიდა.

გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალის „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, „ზულტე-ვარეგემმა“ გდინიას „არკას“ მილიონი ევრო გადაუხადა.

„ლუკა ზარანდიას საფასურად ბელგიურმა „ზულტე-ვარეგემმა“ პოლონურ გდინიას „არკას“ მილიონი ევრო გადაუხადა“, – წერია „გოლ24“-ის წერილში.

ბელგიელებმა გდინიას „არკადან“ ქართველის ტრანსფერი ორიოდე დღის წინ გამოისყიდეს და 23 წლის ქართველ თავდამსხმელთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ამას გარდა, პოლონური გამოცემა სხვა საინტერესო ფაქტსაც ასაჯაროებს. მთავარი ისაა, რომ „გოლ24“-ის ინფორმაციით, ამ ტრანსფერით „არკამ“ რეკორდული შემოსავალი მიიღო – „კლუბების გარიგების საფასური არაოფიციალური წყაროებიდან გახდა ცნობილი. ეს გდინიას „არკას“ ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია“.