ლუკა ზარანდია - „კორონა“ ფეხბურთში დაბრუნებაში დამეხმარა #1TVSPORT
ლუკა ზარანდია - „კორონა“ ფეხბურთში დაბრუნებაში დამეხმარა #1TVSPORT

ლუკა ზარანდიამ, რომელიც პოლონეთის პირველი დივიზიონის კელცეს „კორონას“ ფეხბურთელი გახდა, გუნდის პრესსამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას გვერდში ყველაზე რთულ პერიოდში დაუდგნენ.

„მადლობა მწვრთნელებს, ლეშეკ ოიჟინსკის და ედვარდ კლაინდინსტის. ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში მძიმე პერიოდი მქონდა, ტრავმა ახლახან მოვირჩინე. „კორონა“ ძალიან დამეხმარა, რომ ფეხბურთში დავბრუნებილიყავი. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პაველ გოლანსკის (პოლონელი საფეხბურთო აგენტი, სატელევიზიო ექსპერტი და პლაჟის ფეხბურთელი). ამ ხალხს ნამდვილად სჯეროდა ჩემი, რომ ისევ შემეძლო ფეხბურთში დაბრუნება. ახლა 100%-ით ვარ ორიენტირებული გუნდთან ერთად მიზნის მიღწევაზე, ე.ი. ექსტრაკლასში დაბრუნებაზე. აქ ფეხბურთში საუკეთესო დრო გავატარე. „არკასთან“ ერთად ბევრს მივაღწიე. კარგად მახსოვს პოლონეთში გატარებული დრო, არ მაქვს ენის ბარიერი, რადგან პოლონურად ვლაპარაკობ. მე ვიცი აქაური პირობები, ვიცი სტადიონები, ვიცნობ გულშემატკივრებს. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. პოლონეთი ჩემი მეორე სახლია. აქ დავბრუნდი და ძალიან ბედნიერი ვარ“, – ამბობს „კორონას“ ახალწვეული გუნდის პრესსამსახურთან ინტერვიუში.

26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გუნდში საკუთარ მიზნებზე ისაუბრა: 

„კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გავაფორმე. ახლა მინდა დავეხმარო გუნდს ექსტრაკლასაში დაბრუნებაში. მერე ვნახოთ რა იქნება. რა თქმა უნდა, კლუბში დარჩენა მინდა. „კორონაში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. რამდენიმე მოთამაშეს აქამდეც ვიცნობდი, ისინი ექსტრაკლასადან მახსოვს. მაშინვე ვიგრძენი თავი გუნდის ნაწილად. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. მაგალითად, ფიში ყველას ძალიან ეხმარება და ფორიმაც გუნდისთვის ბევრს აკეთებს. ისინი გამოცდილი მოთამაშეები არიან, რომლებიც ახალგაზრდებს და ახალწვეულებს ეხმარებიან. აქ მაშინვე ვიგრძენი თავი ისე, როგორც სახლში. ძალიან კარგად მიმიღეს და მადლობა ამისთვის“.

26 წლის ზარანდია 2016 წელს თბილისის „ლოკომოტივიდან“ გდინიას „არკაში“ გადავიდა, 2019 წლამდე ითამაშა და გუნდის ლიდერი გახდა. ამ გუნდში „კორონას“ ამჟამინდელი მწვრთნელის, ლეშეკ ოიჟინსკის ხელმძღვანელობით 2017 წელს პოლონეთის თასი მოიგო, ხოლო 2017 და 2018 წლებში – პოლონეთის სუპერთასი. სამწუხაროდ, „არკადან“ ბელგიურ „ზულეტ ვარეგემში“ გადასულ ქართველ თავდამსხმელს კარიერა არ აეწყო, რისი მიზეზიც ტრავმები იყო.