კონტრაქტი გაწყვეტილია - ზარანდიამ ბათუმის „დინამო“ დატოვა #1TVSPORT
კონტრაქტი გაწყვეტილია - ზარანდიამ ბათუმის „დინამო“ დატოვა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ლუკა ზარანდიასთან კონტრაქტი შეაჩერა. Geo team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან კლუბმა დაადასტურა.

ლუკა ზარანდია საქართველოში ზამთარში დაბრუნდა და ბათუმის „დინამოში“ ფორმაში შესვლის შანსი მისცეს. მან გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ განაცხადშიც არ მოხვედრილა. მიზეზი ტრავმა იყო, რომლის გამოც გუნდს შეკრებაზე ვერ გაჰყვა და ფორმის აღდგენა ვერ მოახერხა.

Geo team-ის ცნობით, იანვარში მიღწეული შეთანხმებით, ფეხბურთელი კლუბთან ერთად წინასასეზონი შეკრებას გაივლიდა და ახალ სეზონს მზადყოფნაში შეხვდებოდა, მაგრამ ზარანდიამ კუნთის ტრავმის გამო წინასასეზონო შეკრებები გამოტოვა, სათამაშოდ მზად არ იყო და მხარეებს შორის ხელშეკრულება ბათუმის „დინამოს“ ინიციატივით შეჩერდა.

ზარანდიამ საფეხბურთო კარიერა 2012 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო. 2017 წელს პოლონურ კლუბ „არკაში“ გადავიდა, 2019 წლის ივლისში კი ბელგიურ „ზულტე ვარეგემთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2022 წლის 29 მარტს ზარანდია პოლონეთის პირველი ლიგის „კორონაში“ ჩაირიცხა, რომელიც მალე დატოვა.