ბელგიური გამოცემა „ვოეტბალნიუსის“ ცნობით, „ზულტე ვარეგემი“ (რომელმაც ზამთრის შესვენებამდე სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი დაიკავა და პლეიოფში მონაწილეობისთვის იბრძვის) ზამთრის მოსამზადებელ ეტაპს, ტრადიციულად, ესპანეთში, მარბელაში გაივლის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ დურიმ შეკრებაზე 26 ფეხბურთელის წაყვანა გადაწყვიტა. მათ შორის თავდამსხმელი ლუკა ზარანდიაა.
ბელგიის ჩემპიონატის გუნდში გადასულ ზარანდიას პრობლემები შეექმნა, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრენკ დური მისთვის ჩვეულ პოზიციაზე (მარჯვენა ფლანგის თავდამსხმელად) არ ათამაშებს – ამით 22 წლის ქართველი თავდამსხმელი უკმაყოფილოა. დეკემბერში ბელგიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში ზარანდიამ გუნდი დატოვოს.
საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელის მენეჯერმა, მალხაზ მუსერიძემ განაცხადა, რომ თავად ფეხბურთელს სურს ისეთ კლუბში თამაში, სადაც მისთვის ჩვეულ პოზიციაზე ითამაშებს და უფრო სასარგებლო იქნება.