ზაქარია ქუცნაშვილი - უმრავლესობაში საკადრო ცვლილებები შეიძლება, მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებთან იყოს დაკავშირებული
საპარლამენტო უმრავლესობაში საკადრო ცვლილებები შეიძლება, მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებთან იყოს დაკავშირებული, ვის აირჩევს პარლამენტი კომიტეტის თუ ფრაქციის თავმჯდომარედ ან ვის გადაირჩევს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა ჟურნალისტების კითხვის პასუხად, რა პროცესების განვითარებას ელოდება დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით და შესაძლებელია, თუ არა უმრავლესობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.
„პარლამენტი არ წარმოადგენს ვერტიკალური ხელისუფლების განშტოებას, სადაც უფროსის ნებაზეა დამოკიდებული მისი მოადგილის თუ ხელქვეითის საკითხი. ასე რომ, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვის აირჩევს კომიტეტები და ფრაქციები და ვის გადაირჩევს“, – განაცხადა დეპუტატმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა ეკა ბესელიას საფუძველი საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს, ქუცნაშვილი ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.
„არ მგონია, სწორი იყოს, ვუკარნახოთ კოლეგებს, ჩვენს თანამებრძოლებს, ვინ სად უნდა იყოს. ეს მათი გადასაწყვეტია. ყველა თავისუფალი ადამიანია და ყველა თავად იღებს თავის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.