ზაქარია ქუცნაშვილი თინა ბოკუჩავას მიმართავს - სიძულვილი ვერა, სიყვარული გაგამარჯვებინებს, ამას იმის გამო გეუბნები, რომ ცხოვრებაში არ დაიღუპო
თინა ბოკუჩავა ვეღარ შეიცვლება, ის იმ სიძულვილით არის გაჟღენთილი, რომელიც ვერ გაამარჯვებინებს, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასამოქმედებელია პარლამენტის მიერ მიღებული ეთიკის კოდექსი როგორც მომხრეების, ასევე მოწინააღმდეგეების მიმართ.
„უნდა მოვითმინო გიგა ბოკერია ამ პარლამენტში, რადგან ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ გიგა ბოკერია იჯდეს მარცხენა მხარეს, ხოლო მე მარჯვენა მხარეს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გიგა ბოკერიას ემოციური, ხშირ შემთხვევაში უზრდელობის ზღვარზე გამოთქმული ფრაზები მომწონს ან მოვიწონებ. შესაბამისად, არ ვიცი ბატონო თავმჯდომარევ, რა უნდა მივიღოთ ჩვენ ამ პარლამენტში, რომ ჩემი ან ნებისმიერი სხვისი გამოსვლა ეთიკურ საზღვრებში ჩაჯდეს. ეთიკის კოდექსი მივიღეთ, ალბათ უნდა ავამოქმედოთ ეთიკის კოდექსი როგორც ჩვენი მომხრეების, ასევე ჩვენი მოწინააღმდეგეების მიმართ, რადგან ერთხელ და სამუდამოდ დავიცვათ ეს პარლამენტი სიძულვილის ენისა და ძალადობისგან, რაც ასე იფრქვევა ჩვენს კედლებში.
ახლა ყველა მისმენთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემდეგ გამოსვლაზე იგივეს გაიმეორებთ. თინა ბოკუჩავას რამდენიც არ უნდა უთხრა, მაინც ვეღარ შეიცვლება. ის იმ სიძულვილით არის გაჟღენთილი, რომლითაც ვერ გაგამარჯვებინეს, ქალბატონო თინა. სიყვარული გაგამარჯვებინებს ცხოვრებაში, სიძულვილი – ვერა. მხოლოდ იმის გამო გეუბნები ამას, თინა, რომ ცხოვრებაში არ დაიღუპო. სიძულვილით ადამიანის გამარჯვებას ვერ მიაღწევ“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.