ზაქარია ქუცნაშვილი - ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ ეკა ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. როგორც ქუცნაშვილმა განმარტა, აღნიშნული ინფორმაცია ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ გააჟღერა.
„ეკა არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას და ამიტომაც, ყველამ მოვითხოვეთ, რომ ეკას თანდასწრებით ყოფილიყო ეს საკითხი განხილული. უბრალოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა ღიად და საჯაროდ, რომ მასთან ეს საკითხი შეთანხმებული იყო ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ.
რა მოხდა აგვისტოში და რა იყო გადაწყვეტილების მიზეზი რამდენიმე თვის წინ, დეპუტატს არ დაუკონკრეტებია.