ზაქარია ქუცნაშვილი - ირაკლი კობახიძე რომც არ გადამდგარიყო, მზად ვიყავი, წავსულიყავი მარტო
ყველა პოლიტიკოსი ვალდებული ვართ, პასუხისმგებლობის ტვირთით ვიცხოვროთ, მით უმეტეს, ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის არაფრად ღირს დეპუტატის მანდატი, თუნდაც ქართული საზოგადოების გაღიზიანების სანაცვლოდ, – ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატზე უარის თქმის გადაწყვეტილებაზე განცხადების დროს თქვა.
„ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების გაღიზიანებას, ამის გამო მოვუხადე მას ბოდიში. ამავდროულად, როგორც ადამიანი და როგორც კაცი, ვფიქრობ, არ იქნება სწორი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და მასპინძელი პირი ზაქარია ქუცნაშვილი დარჩება თანამდებობაზე. ეს არ იქნება სწორი საქციელი. თანამდებობა არ მაქვს პარლამენტში, ერთადერთი რაც მაქვს, არის დეპუტატის მანდატი, ამიტომაც დღეს ვაცხადებ, რომ მზად ვარ, დავტოვო ჩემი მანდატი. მზად ვიყავი, ირაკლი კობახიძეც რომ არ გადამდგარიყო, წავსულიყავი მარტო”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.
„ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ვინც გააკეთა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, ვინც გამოიწვია აგრესია პოლიციაზე. არ ავიღებ პასუხისმგებლობას ოპოზიციის მაგივრად. საკმარისზე მეტ პასუხისმგებლობას ვიღებ. მათ გააკეთეს პარლამენტში შეჭრაზე განცხადებები და ამაზეც ზაქარიამ აიღოს პასუხისმგებლობა?” – განაცხადა ქუცნაშვილმა.