ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ივანე ფალიაშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა იხსნება
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ივანე ფალიაშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა იხსნება

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დღეს ივანე ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. გამოფენის მიზანია ფართო საზოგადოების ინფორმირება იმ დიდი ღვაწლის შესახებ, რომელიც დირიჟორ ივანე ფალიაშვილს მიუძღვის ქართული მუსიკალური კულტურის წინაშე.

საღამოზე კომპოზიტორი გოგა შავერზაშვილი შეასრულებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერის, „აბესალომ და ეთერის“ საფორტეპიანო ტრანსკრიფციას.

გამოიფინება მუზეუმის ფონდში არსებული მასალა, რომელიც წარმოადგენს ივანე ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეტაპებს. გამოფენა გაგრძელდება ერთი თვე.

ივანე ფალიაშვილი ქართველი დირიჟორი, პიანისტი და ორგანისტია რომელსაც 1924 წელს მინიჭებული აქვს სსრ სახალხო არტისტის წოდება.
1922-34 წლებში მუშაობდა თბილისის საოპერო თეატრის მთავარ დირიჟორად. იყო „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ფალიაშვილის რეპერტუარში შედიოდა ქართველ, რუს და უცხოელ კომპოზიტორთა 80-ზე მეტი ოპერა. დირიჟორობდა სიმფონიურ კონცერტებს. მისი დირიჟორობით თბილისში პირველად აჟღერდა ბეთჰოვენის IX სიმფონია. ფალიაშვილის შესრულება გამოირჩეოდა მაღალი ოსტატობით და ემოციურობით.