ზაქარია ფალიაშვილის „დაისის“ იტალიური პრემიერა მასიმო ბელინის თეატრში
21 ივნისს, სიცილიაში, მასიმო ბელინის სახელობის საოპერო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის „დაისის“ იტალიური პრემიერა გაიმართება. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი და ქართველი არტისტები. დასის ძირითად ნაწილს იტალიელები შეადგენენ. მათთან ერთად სცენაზე იდგებიან ბანი გიორგი ანდღულაძე და ქართველი მოცეკვავეები.
„დღევანდელი გენერალური რეპეტიციის შემდეგ, დირექტორატმა გადაწყვიტა, რომ „დაისი“ ბელინის თეატრის რეპერტუარში ჩაესვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერის შემდეგ, კიდევ არაერთხელ ექნება იტალიელ და იტალიაში მცხოვრებ ქართველ მაყურებელს ამ ოპერის ნახვის საშუალება. ეს მართლაც რომ უნიკალური ამბავია, რადგან იტალიაში ძალიან იშვიათია, უცხოური სპექტაკლი თეატრის რეპერტუარში ჩასვან, მით უმეტეს, რომ პრემიერა ჯერ არ შემდგარა. ქართული კულტურისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული მოვლენა“ – განაცხადა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ.
ოპერაზე ერთობლივად მუშაობენ თბილისის ოპერისა და ბალეტისა და მასიმო ბელინის თეატრები. შემოქმედებით გუნდს სათავეში უდგას რამდენიმე ქართველი ხელოვანი: თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, რეჟისორი გოჩა კაპანაძე, სცენოგრაფი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, განათების დიზაინის ავტორი დავით მაჭავარიანი.