ზაქარია ბეგლარიშვილი - ველოდები, რომ ესტონეთის ნაკრებში მომავალ წელს ვითამაშებ #1TVSPORT
ზაქარია ბეგლარიშვილი - ველოდები, რომ ესტონეთის ნაკრებში მომავალ წელს ვითამაშებ #1TVSPORT

ესტონეთის ჩემპიონის, ტალინის „ფლორას“ ნახევარმცველი, საქართველოში გაზრდილი ზაქარია ბეგლარიშვილი მალე ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს, – ამის შესახებ 31 წლის ნახევარმცველმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„ესტონეთის ნაკრებში ჩემი უთამაშებლობის მიზეზი ტრავმა არ ყოფილა. უბრალოდ, ფიფა-ს წესებით არ შემეძლო თამაში. ამისთვის ფიფა-ს საკმაოდ რთული წესები გააჩნია. მაგრამ ახლა ბევრი რამ შეიცვალა, საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლის წესები გაადვილეს და ველოდები, რომ ესტონეთის ნაკრებში მომავალ წელს ვითამაშებ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ზაქარია ბეგლარიშვილმა.

31 წლის ნახევარმცველმა 2018 წელს გამოთქვა სურვილი ეთამაშა იმ ქვეყნის (ესტონეთის) ნაკრებში, სადაც 2010 წლიდან თამაშობდა. 2018 წლის დეკემბერში, ესტონეთში 8-წლიანი ცხოვრების შემდეგ, ჩააბარა ესტონური ენის გამოცდა და მოითხოვა მოქალაქეობა. მან ესტონეთის პასპორტი 2019 წლის სექტემბერში მიიღო.

ზაქარია ბეგლარიშვილმა კარიერა 2007 წელს „თბილისში“ დაიწყო. უთამაშია გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ტალინის „ფლორაში“ 2010 წელს ჩაირიცხა, რომლის ფორმითაც 10 სეზონი (2010–2012, 2014–2020) ჩაატარა. 2013 წელს მცირე ხნით ბოლნისის „სიონში“ ჩაირიცხა, მის კარიერაში ასევე იყო ნახევარი სეზონით გამოსვლა ბუდაპეშტის „ჰონვედში“, ასევე ფინურ „სეინაიოკსა“ და კტპ-ში. 2015 წელს ერთადერთხელ ითამაშა საქართველოს ნაკრებში – ესტონეთის წინააღმდეგ. მაგრამ რადგან ეს ამხანაგური მატჩი იყო და არა ოფიციალური, საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლის უფლება ამიტომ გააჩნია.

 

2021 წელს ესტონეთში დაბრუნდა და ტალინის „ლევადიაში“ ჩაირიცხა, სადაც 31 წლის ქართველი ნახევარმცველი 32 მატჩში 24 გოლით ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა, 18 საგოლე პასით კი სეზონის საუკეთესო ასისტენტი გახდა და წლის საუკეთესო მოთამაშის პირველი კანდიდატია.

„სეზონის საუკეთესო მოთამაშეობის სულ სამი კანდიდატი ვართ, „ლევადიადან“ მხოლოდ მე, ხოლო „ფლორადან“ ორია – ნაკრების თავდამსხმელი საპინენი და ჩემი პოზიციის მოთამაშე, ესტონეთის ნაკრების და „ფლორას“ კაპიტანი ვასილიევი. იმედია, სეზონს საუკეთესო მოთამაშის პრიზით დავასრულებ“, – ამბობს ბეგლარიშვილი.

ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის 5-გზის ჩემპიონი, ოთხჯერ ესტონეთის თასის მფლობელი და ასევე 2017/18 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია.