ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონია - ქართველმა სეზონში 24 გოლს 18 პასი დაამატა #1TVSPORT
ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონია - ქართველმა სეზონში 24 გოლს 18 პასი დაამატა #1TVSPORT

ტრიუმფალური გამოდგა ზაქარია ბეგლარიშვილისთვის ესტონეთის დასრულებული სეზონი. ჩემპიონატის 32-ე ტურში ტალინის „სპორტლენდ არენაზე“ დედაქალაქის დერბიში „ლევადია“ ქართველი ნახევარმცველის ყოფილ კლუბს, კონფერენცლიგის მონაწილე „ფლორას“ დაუზავდა (2:2), მეტოქეს 6 ქულით გადაასწრო და მე-10 გახდა ესტონეთის ჩემპიონი.

31 წლის ქართველ ნახევარმცველს ამჯერად არ გაუტანია. მაგრამ 32 მატჩში 24 გოლით ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა და „პაიდეს“ თავდამსხმელს, ჰენრი ანიერს 2 გოლით ჩამორჩა. 18 პასით ბეგლარიშვილი სეზონის საუკეთესო ასისტენტი გახდა. ის წლის საუკეთესო მოთამაშის წოდების მიღების პირველი კანდიდატია.

„ზაქარია ბეგლარიშვილი ჩემპიონი გუნდის, „ლევადიას“ არქიტექტორია. 32 შეხვედრაში მან 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფინეთიდან დაბრუნდა და დღემდე ესტონეთში მაღალ დონეზე თამაშობს“, – წერს გამოცემა „ესტონაინ ფუტბოლი“.

ესტონეთის 10-გზის ჩემპიონს 2014 წლის შემდეგ ტიტული არ ჰქონდა მოგებული. აღსანიშნავია, რომ „ლევადიამ“ ესტონეთის თასის ფინალში „ფლორა“ დაამარცხა – 1:0.