ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად, ევროკავშირი უკრაინას 160 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი ზამთრისთვის მოსამზადებლად უკრაინას 160 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, აღნიშნული თანხა დაახლოებით 60 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას მოიცავს, რომელიც დაიხარჯება, მაგალითად, გამათბობლებზე, ასევე გათბობის პუნქტების მოსაწყობად. კიდევ 100 მილიონი ევრო მოხმარდება ენერგიის განახლებადი წყაროების აღდგენას.
„ეს თანხა, 100 მილიონი გამოიყოფა ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან. სავსებით სამართლიანია, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმისთვის, რაც დაანგრია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ის პარასკევს კიევში გეგმავს ჩასვლას, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ევროკავშირის მიერ უკრაინის ენერგოუსაფრთხოების მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს.