ზამთრის განმავლობაში თუშეთის მოსახლეობა ინტერნეტით უფასოდ ისარგებლებს
ზამთრის განმავლობაში თუშეთის მოსახლეობა ინტერნეტით უფასოდ ისარგებლებს

თუშეთის მოსახლეობა წლევანდელი ზამთრის პერიოდში ინტერნეტით უფასოდ ისარგებლებს.

როგორც პირველ არხს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა განუცხადა, ინტერნეტის საფასურს შვიდი თვის განმავლობაში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს, რისთვისაც 2000 ლარი უკვე გამოიყო.

„თუშეთის მოსახლეობის ინტერნეტით სარგებლობის საფასურის გადახდის თხოვნით თუშეთის განვითარების ფონდმა მოგვმართა. ფონდმა გვთხოვა, გაგვეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ოქტომბრიდან მაისამდე თუშეთის გზა იკეტება, სატრანსპორტო კავშირი პრაქტიკულად წყდება და სწორედ ამ პერიოდში დაგვეფარა ინტერნეტის ღირებულება. მერიამ ამაზე თანხმობა განაცხადა და პრობლემის მოსაგვარებლად  2000 ლარი გამოყო“, – განაცხადა მერმა.

ამასთან, მისი თქმით, თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეულად უფასო ფრენები სრულდება და მოსახლეობას საშუალება აქვს უფასოდ გადაადგილდეს, მოიმარაგოს პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები.

თუშეთში მუდმივად 30-მდე ადამიანი ცხოვრობს. საავტომობილო გზა კი, ზამთრის პერიოდთან დაკავშირებით ყოველწლიურად, შემოდგომიდან გაზაფხულამდე იკეტება.