Zagros Airlines-ი და Qeshm Airlines-ი საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ ფრენებს განაახლებენ
ირანული ავიაკომპანიები Zagros Airlines-ი და Qeshm Airlines-ი საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებენ. რეგულარული ფრენები ორივე ავიაკომპანიის მიერ თეირანი-თბილისი-თეირანის საჰაერო ხაზზე შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Zagros Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და თეირანს შორის დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. რაც შეეხება Qeshm Airlines-ს, სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაუმტკიცდა მოთხოვნილი შვიდი სიხშირე, რომელთა ათვისებასაც Qeshm Airlines-ი ეტაპობრივად გეგმავს. კერძოდ, ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 ნოემბრის ჩათვლით რეისები შესრულდება კვირაში ორი სიხშირით, 15 ნოემბრის შემდეგ კი კვირაში ოთხი სიხშირით. ყოველდღიურ ოპერირებაზე გადასვლას Qeshm Airlines-ი სეზონის მიმდინარეობისას განიხილავს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭათ.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.