ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე აკრედიტებულ პირთა კონტროლის ახალ სისტემას გამოიყენებენ
ტოკიოში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე აკრედიტებულ პირთა კონტროლის ახალ სისტემას გამოიყენებენ.
ახალი სისტემით მოხდება სპორტსმენების, ჩინოსნების, ჟურნალისტებისა და მოხალისეების იდენტიფიცირება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე მსგავსი ტიპის ტექნოლოგია გამოიყენება.
სიახლის მთავარი მიზანია ტერორისტული რისკების თავიდან აცილება და უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პირთა იდენტიფიცირების ახალი სისტემით გამოირიცხება სპორტულ ობიექტებზე სხვისი აკრედიტაციით შესვლის შემთხვევები.
სპორტულ ობიექტებზე შესასვლელად საჭირო სპეციალური ბარათის ასაღებად აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა, ფოტოსა და სხვა პირადი მონაცემების წარდგენა. სპეციალური აპარატურა – პირის ამომცნობი სკანერი განთავსდება სპორტული ობიექტების შესასვლელში, სადაც საშვზე მითითებულ ინფორმაციას სკანერი დაუყოვნებლივ გადაამუშავებს და იძლევა ინფორმაციას წარმდგენი პირის ნამდვილობის შესახებ.
რაც შეეხება გულშემატკივრებს, მათ შეჯიბრებებზე დასწრება შეეძლებათ ჩვეულებრივად, ბილეთის წარდგენის შემდეგ.
კონტროლის ახალი სისტემის დახვეწაზე მუშაობს ცნობილი იაპონური ელექტრომწარმოებელი.
სისტემამ უკვე გაიარა ტესტირება – რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ის გამოყენებული იყო „იაპონურ სახლში“ ჟურნალისტების იდენტიფიცირებისას.
მსგავსი სკანერი ცოტა ხნის წინ ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტ „ჰანედაში“ საპასპორტო კონტროლის ავტომატურ რეჟიმში გასავლელად დაამონტაჟეს.