„პირველი არხი პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი მაუწყებელი იყო. პირველ რიგში, აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის დელეგაციის საუკეთესო შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში – სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი. ამ მონაცემებით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლების რაოდენობით მე-7 ადგილზეა.
ორმაგად საამაყოა, რომ საქართველოს პირველმა არხმა საზოგადოებას ოლიმპიური თავგადასავალი მთელი ქვეყნის მასშტაბით, უმაღლესი ხარისხით, ექსკლუზიურად ყველა პლატფორმაზე შესთავაზა.
ასეთ დროს ყველაზე კარგად ჩანს საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობა, რომელსაც შეუძლია დიდი მასშტაბის მოვლენების გარშემო მთელი საზოგადოების, აუდიტორიის უკლებლივ ყველა სეგმენტის გაერთიანება.
სულ ცოტა ხნის წინ მაუწყებლობა დაიწყო ჩვენმა სპორტულმა არხმა, რომელიც ძალიან მოკლე დროში გახდა მაყურებლის საყვარელი არხი.
ხაზგასასმელია ჩვენი სპორტის მიმართულების გუნდისა და სპორტული კომენტატორების მაღალი კვალიფიკაცია, რომლებსაც ერთნაირი პროფესიონალიზმით მიჰყავდათ რეპორტაჟები სხვადასხვა სახეობაში და, მაყურებელთან ერთად, გულწრფელი ემოციებით გულშემატკივრობდნენ ჩვენს სპორტსმენებს.
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებების შემდეგ პარიზის ზაფხულის ოლიმპიადამ გააგრძელა წარმატების ამბავი, რომელსაც ჩვენი მაუწყებელი ამაყად და სიამოვნებით უყვებოდა მაყურებელს, მსმენელსა და მკითხველს. წინ პარალიმპიადა გველის, რომელიც 28 აგვისტოს აიღებს სტარტს.
ეს უკვე მეორე პარალიმპიადაა, რომელსაც პირველი არხი ექსკლუზიურად უმასპინძლებს. 2021 წელს, საქართველოში პირველად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესთავაზა აუდიტორიას პარალიმპიადა „ტოკიო 2020“ და საზოგადოებას ქართველი პარასპორტსმენებისთვის გულშემატკივრობის შესაძლებლობა მისცა. პარასპორტის განვითარების მხარდაჭერა საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტია – ივნისში პირველი არხი სპორტზე, პირველად სატელევიზიო ეთერში, პარაწოლჭიმში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშება გადაიცა.
ამ ტიპის მედიაპროდუქტზე საზოგადოების მხრიდან მოთხოვნას ადასტურებს საჯაროდ ხელმისაწვდომი რეიტინგები. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის სატელევიზიო ყურება მთელი ინდუსტრიისთვის საყურადღებო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან ციფრული პლატფორმების გაძლიერების ეპოქაში, რომელიც მძაფრ კონკურენციას უწევს სატელევიზიო მედიას, ჩემპიონატმა სატელევიზიო ყურების უპრეცედენტო მაჩვენებელი დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრების ისტორიული ასპარეზობის ტელეყურება (26.03-დან 30.06-მდე)
სპორტული ღონისძიებები საოჯახო და ჯგუფური სატელევიზიო პროდუქტია, რომელსაც ადამიანების ერთად შეკრება და ერთობლივი ყურება ახასიათებს. აუდიტორიის ფიფლმეტრული გაზომვის მეთოდი, რომელიც, სახლში ტელემაყურებლის გარდა, სტუმრად მყოფი ტელემაყურებლის რაოდენობასაც ზომავს, ივნისსა და ივლისში სტუმრების ტელეყურება ასე გამოიყურებოდა.
სტუმრების ტელეყურება – ივნისი
სტუმრების ტელეყურება – ივლისი
ქართველი ოლიმპიელი ოქროსმედალოსნების ფინალური გამოსვლების ტელეყურების მაჩვენებლები
პოლარიზებულ გარემოში, სადაც მედიასივრცეში თითქმის არ არის დატოვებული ადგილი კულტურის, ხელოვნების, ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით საზოგადოებისთვის საჭირო, აუცილებელი და მნიშვნელოვანი პროდუქტების შესათავაზებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა, მისი ღირებულებები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
საქართველოს პირველი არხი განუხრელად იცავს თავის ვალდებულებას, სრულფასოვნად ემსახუროს აუდიტორიას და მიაწოდოს მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი პროდუქტი, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, – თინათინ ბერძენიშვილი.