ზაალ უდუმაშვილი - ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციები არ დაწყებულა, დრო უნდა მივცეთ, რომ თავადაც ჩამოყალიბდეს
ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციები არ დაწყებულა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სულ ერთი დღის გამოსულია საპატიმროდან შვიდ წლიანი პატიმრობის შემდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს დრო უნდა მიეცეს, რომ თავადაც ჩამოყალიბდეს.
„ალბათ, მასაც სჭირდება გარკვეული დრო, ჩამოყალიბდეს და კონსულტაციები გაიაროს თავის მეგობრებთან პარტიებში, ამის შემდეგ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები. ჯერ დრო უნდა მივცეთ, რომ თავად ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
კითხვაზე, რომ ოპოზიციის ნაწილი სრულ პასუხისმგებლობას ვანო მერაბიშვილს აკისრებს და მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას არ აპირებს, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მისი პოზიციაა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ძველი წყენა გადადო და ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვება, ყველა მისაღებია.
„ვერ გეტყვით, ვის რატომ აქვს ასეთი პოზიცია. ჩემი პოზიციაა, რომ დღეს ჩვენ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გადავდეთ ძველი წყენა და ვსხედვართ ერთ მაგიდასთან. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც წვლილს შეიტანს ბრძოლაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ჰქვია, ყველა არის მისაღები და ყველა უნდა ჩაერთოს ამ ბრძოლაში. თუ ჩვენი ფორმულა არის – ყველა ერთის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს ყველა ერთის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას მართავენ. უდუმაშვილმა აღნიშნული კომენტარი მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.