ზაალ უდუმაშვილი - უსამართლობას უნდა დაუპირისპირო შესაბამისი ძალა, დღეს ოპოზიცია, ახალი ეროვნული მოძრაობა თავისუფლების, დემოკრატიისა და მომავლის სადარაჯოზეა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს თუ აღელვებთ ამ ქვეყნის, საკუთარი ან ოჯახის მომავალი, დროულად მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, რათა გადავწყვიტოთ ის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მოწმობს, რომ ხელისუფლება განაგრძობს კუნთების თამაშს.
„როგორც ჩანს, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს კუნთების თამაშის დემონსტრირებას. დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებები, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება იმ პოზიციაში, რომ ოპოზიციასა და საზოგადოებას ულტიმატუმის ენით ესაუბროს. თუ ოდნავ მაინც გონიერების ნატამალი აქვს ხელისუფლებას, დროულად უნდა მიუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას და დროულად უნდა მონახონ გზა, რომ გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა. რაც შეეხება ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას, თავად „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გასულია კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებიდან. ეს კანონი მათთვის არ მოქმედებს და მთელი ამ წლების განმავლობაში მომსწრენი ვართ იმ უკანონობისა და უსამართლობის, რომელიც გამეფებულია ქვეყანაში. ასეთ უსამართლობას აუცილებლად უნდა დაუპირისპირო შესაბამისი ძალა და დღეს მთლიანად ოპოზიცია, ახალი ეროვნული მოძრაობა სწორედ თავისუფლების, დემოკრატიისა და ჩვენი მომავლის სადარაჯოზეა. ჩვენ ერთად ვიბრძვით ამისთვის და აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. რაც შეეხება ვადების დაწესებას, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ დავმსხდარიყავით მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამას მოუწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უკვე სანქციებზეც დაიწყო საუბარი იმ შემთხვევაში, თუ ამ უგუნურ გადაწყვეტილებაზე არ აიღებენ ხელს. თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აღელვებთ ამ ქვეყნის, ან თუნდაც, საკუთარი ან ოჯახის მომავალი, დროულად მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, რათა გადავწყვიტოთ ის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
კითხვაზე, წავა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიას დაპატიმრებაზე, ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის დანიშვნა სწორედ ამას ემსახურება.
„რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნაც ეს იყო, რომ რაც ვერ გააკეთა თუ არ გააკეთა გახარიამ, ახლა ღარიბაშვილმა უნდა შეასრულოს და უნდა დააპატიმროს ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ სურვილი და ბრძანება ერთია და მისი შესრულება – მეორე. ერთი კვირა გავიდა, რაც თავისუფლებისთვის მებრძოლი ასეულობით ადამიანი 24 საათის განმავლობაში იმყოფება ჩვენს ოფისში, რათა არ მოხდეს იერიშის მოტანა პარტიის ოფისზე. ასე განვაგრძობთ ყოფნას ამ პერიოდის განმავლობაში და არავის მივცემთ საშუალებას, ჩაიდინოს ის უგუნური ნაბიჯი, რასაც ჰქვია ნიკა მელიას დაპატიმრება. ჩვენ ყველანაირი კანონიერი მეთოდით დავიცავთ ჩვენს პარტიას, ოფისს, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. დღეს წითელი ხაზი გადის იმაზე, რომ ჩვენ თუ დავნებდით, დანებდება მთლიანად ქვეყანა და დავკარგავთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ აქციის გადადებას, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ამით ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი მისცეს.
„25 თებერვლის გადაიდო, რადგან ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მივეცით შანსი, რომ დავხსდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მივაღწიოთ რაიმე შეთანხმებას, მაგრამ თებერვლის აქცია გადავდეთ და არა გავაუქმეთ. თუ შესაბამისი პასუხი არ მივიღეთ ხელისუფლებისგან, რა თქმა უნდა, თებერვლის აქციაც თავიდან ჩაინიშნება და კიდევ უფრო მასშტაბური აქციები დაიწყება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.