ზაალ უდუმაშვილი - საზეიმო ის არის, რომ ოპოზიციამ ჯამში 64 პროცენტი მოიპოვა
საზეიმო ის არის, რომ ოპოზიციამ ჯამში 64 პროცენტი მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ოთხი ტელეკომპანიის მიერ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველა დიდი ქალაქში, მათ შორის თბილისში დამარცხდა.
„საზეიმო არის ის, რომ საერთო ჯამში, ოპოზიციამ მოიპოვა 64 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია. კიდევ მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა, მათ შორის, თბილისში. ეს არის უმნიშვნელოვანესი. თბილისში დამარცხება – ეს ნიშნავს რეალურად დამარცხებას. ისტორიულად ასე იყო, თბილისში ვინც იგებდა, ის ყოველთვის იყო გამარჯვებული. ანუ, ის მონაცემები, რაც ჩვენ გვქონდა, რომ ვიმარჯვებდით, პრაქტიკულად დადასტურდა „იფსოსის“ კვლევებით.
ახლა „ქართული ოცნება“ რა კვლევებს დადებს თავის ტელევიზიებში, ამას ჩვენთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ნდობა არ აქვს ამ ეგზიტპოლს. „ქართულ ოცნებას“ არავინ არ შეეკვრება. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ოპოზიციამ.
ზუსტად გუშინ გავაფორმეთ ოფიციალური მემორანდუმი, სადაც თითქმის ყველა პარტიამ ხელი მოაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილთან არ შექმნიან კოალიციას. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი გარანტია, რომ ოპოზიცია თანმიმდევრულად გაჰყვება იმ მიზანს, რომელიც ჰქონდა. პირველი მიზანი იყო ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან, შემდეგი მიზანი იქნება ხელისუფლების დაკომპლექტება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის გამარჯვება დღის ბოლომდე დადასტურდება.
„ის ოქმები, რომლებიც წამოვა საარჩევნო უბნებიდან, აი ამ მონიტორზე აისახება. ის, რასაც აკეთებს ცესკო, პარალელურ რეჟიმში გავაკეთებთ ჩვენც, რომ არ იყოს რაიმე მანიპულაციის საშუალება საოლქო კომისიებში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ოთხივეს შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა.